უკრაინა მონღოლეთს მოუწოდებს, დააკავოს ვლადიმირ პუტინი

პუბლიკა

უკრაინა მონღოლეთს მოუწოდებს, დააკავოს ვლადიმირ პუტინი, როცა ის ქვეყანაში ჩავა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთს ეწვევა, რომელიც რომის წესდების ხელმომწერია. ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულები, არიან შეასრულონ 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი პუტინის დაკავების შესახებ.

კრემლმა განაცხადა, რომ მონღოლეთში პუტინს არ დააკავებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მონღოლეთის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

„უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ დანაშაულთაგან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის დანარჩენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯონ. ეს პირები არიან დამნაშავეები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში.

მოვუწოდებთ მონღოლეთის ხელისუფლებას, შეასრულოს სავალდებულო საერთაშორისო დაკავების ორდერი და პუტინი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს”. – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.