საქართველოს სახალხო დამცველმა USAID/Georgia დახმარებით მოამზადა კვლევა „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“. კვლევის ავტორი ანა არგანაშვილია.
კვლევაში შესწავლილი და გაანალიზებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თაობაზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (დადგენილებები), რომლებიც სასამართლოებმა 2019 წლის 3 მაისიდან – 2023 წლის 20 იანვრამდე პერიოდში მიიღეს.
კვლევის თანახმად, გამოიკვეთა, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საქმეებთან მიმართებით სასამართლოებს დადებითი და მნიშვნელოვანი პრაქტიკა აქვთ, თუმცა, პარალელურად, არსებობს რიგი გამოწვევები, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან არათანმხვედრი საკანონმდებლო ბაზით, ხოლო მეორე მხრივ – სასამართლო სისტემაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნის გაღრმავების საჭიროებით.
კვლევაში გაანალიზებულია შევიწროების დეფინცია ქართულ კანონმდებლობაში და აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროების დეფინიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166/1 მუხლში, არ შეესაბამება სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტს. ის აწესებს უფრო მაღალ ბარიერს, ვიდრე სტამბოლის კონვენცია, რაც სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებში, ხელშემშლელი ფაქტორია სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დაცვის პროცესში.
სტამბოლის კონვენციის თანახმად:
„სექსუალური ხასიათის, ნებისმიერი ფორმის, არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, კერძოდ, მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული გარემოს შექმნის გზით, დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის სამართლებრივ სანქციებს“.
ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად:
„სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს“.
ელემენტების ფორმალური ხასიათი
ჩამოთვლილი ელემენტების შეფასება სექსუალური შევიწროების დადგენის ერთ-ერთი მთავარი მიდგომაა:
- სექსუალური ხასიათის ქცევა;
- ქცევის არასასურველობა მსხვერპლისთვის;
- ქცევის შედეგად მსხვერპლის ღირსების შელახვა, რომელიც არ საჭიროებს შემავიწროებლის განზრახვის კვლევას, ვინაიდან იზომება შედეგით (მიზნად ისახავს/ან შედეგად მოსდევს).
გთავაზობთ რამდენიმე ქეისს კვლევიდან:
სკოლის საქმე
სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში, ერთ-ერთი მასწავლებელი, გაკვეთილის მიმდინარეობისას, სექსუალურად ავიწროებდა მოსწავლე გოგონებს.
სასამართლო დადგენილების სამოტივაციო ნაწილში, სასამართლო დეტალურად განმარტავს სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევის ელემენტებს:
„სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სექსუალური შევიწროების შემადგენლობის ყველა ნიშანი:
ბავშვები მასწავლებლის ქმედებებს აღწერენ, როგორც მათთვის უსიამოვნოს, უხერხულს მათი ინტიმური და სექსუალური ხასიათის გამო. ბავშვებმა გამოიყენეს სიტყვები – „ხელი შეუცურა,“ „ხელი ფეხზე აუსრიალა“, „მასაჟი გაუკეთა მხრებზე“, „წელზე შემოხვია ხელი“, ისე აშტერდებოდა, რომ, მაგალითად, ერთ-ერთმა მოსწავლემ, ცუდად რომ არ ეგრძნო თავი, გრძელი ჟაკეტების ჩაცმა დაიწყო. ხოლო გაკვეთილზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ აქცენტს აკეთებდა სექსუალური ხასიათის ისტორიებზე და უმეტესად სწორედ ასეთ საკითხებზე საუბრობდა.
მასწავლებლის ქცევა არასასურველი და მიუღებელი იყო ბავშვებისთვის: გვერდზე იწეოდნენ მისი მოახლოებისას, ბიჭები შუაში სხდებოდნენ, ბიჭები მერხებს ატყუპებდნენ, რომ მისთვის ხელი შეეშალათ მიახლოებაში.
რამდენიმემ უთხრა, რომ არ შეხებოდა, რადგან არ სიამოვნებდა. საყურადღებოა, რომ კლასელებმა დაასახელეს გოგონა, რომელმაც გააფრთხილა მასწავლებელი არ შეხებოდა და რომელსაც ეჩხუბა. მათივე თქმით, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თხოვნის მიუხედავად, თავი შეეკავებინა პირველი სემესტრის მსგავსი ქცევისგან, მეორე სემესტრში კვლავ ცდილობდა გოგონებთან მიახლოებას და ხელით შეხებას.
მასწავლებლის ქცევამ გამოიწვია ბავშვებისთვის არასასურველი, დისკომფორტის, შეურაცხმყოფელი, დამაშინებელი და მათი ასაკისთვის შეუფერებელი გარემოს შექმნა. ცალსახაა ის უარყოფითი – ფიზიკური და ემოციური გავლენა, რაც მასწავლებლის ქცევამ იქონია მოსწავლეებზე.
მაშასადამე, სასამართლომ არა მხოლოდ აღწერა, თუ რაში მდგომარეობდა სექსუალური შევიწროების ქცევა, არამედ ქცევის შემადგენელი ელემენტები გამოყო და ცალ-ცალკე შეაფასა, რაც ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად უნდა შეფასდეს. აღნიშნულ საქმეში, სასამართლომ სექსუალური შევიწროება დაადგინა და შემავიწროებელს 300 ლარის ჯარიმა შეუფარდა.
გასახდელის საქმე
არასრულწლოვანი, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმელს იზომავდა, სრულწლოვანმა კაცმა გასახდელში უწყვეტი კაკუნით შეაწუხა.
„მისთვის უცნობი მამაკაცი გაუჩერებლად უკაკუნებდა კარებზე და ცდილობდა, დაენახა მისი შიშველი სხეული“.
აღნიშნულ საქმეზე, პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინა სასამართლოში განსახილველად. სასამართლო მსჯელობს, სამართალდამრღვევის მტკიცების ტვირთზე:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ, იგივე პრინციპი მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დროსაც. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, მე-10, 230-237-ე და 264-ე მუხლები და სხვა ნორმებიც ერთობლიობაში, უპირატესობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. დასახელებული ნორმებით განმტკიცებულია სახდელის დადების კანონიერების პრინციპი. არავის არ შეიძლება დაედოს სახდელი შესაბამისი საფუძვლის გარეშე.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ აქვს ადმინისტრაციული გადაცდომა ჩადენილი. სამართალდარღვევის არსებობა უნდა დაამტკიცოს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა.
სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულებები და ამტკიცოს, რომ სამართალდარღვევის ფაქტი არსებობს, ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია სამართალდამრღვევის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით, და მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პირი ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 1 მუხლით, ანუ ცნო სექსუალურ შემავიწროებლად, თუმცა, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ის გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მისცა სიტყვიერი შენიშვნა.
აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ამგვარ სტანდარტს აქტიურად იყენებს ბათუმის სასამართლო, ვინაიდან ანალოგიური ფრაზა არაერთ გადაწყვეტილებაში გვხვდება. 26 ბათუმის სასამართლო ამ ფრაზას კიდევ უფრო მკაცრი ფორმულირებითაც იყენებს, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოკვლევას და დადგენას, სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენის მტკიცებულებით სტანდარტს აიგივებს.
სექსუალური შევიწროების საქმეზე, რომელიც ჩადენილია სასტუმროს ლიფტში, სასამართლო მსჯელობს:
„სასამართლო მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას ასევე მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს“.
იქვე ბათუმის საქალაქო სასამართლო აკეთებს შენიშვნას: „სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის დისპოზიცია შეეხება სისხლის საქმეებზე ბრალდებულ პირთა უფლებების დაცვას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ანალოგიურად უნდა გავრცელდეს და ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზეც, ვინაიდან დანაშაულის მსგავსად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს ასევე კანონით აკრძალულ, არამართლზომიერ ქმედებას (მათ შორის განსხვავება არის ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხში)“.
რეკომენდაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- სამართალდარღვევაზე რეაგირებისას, სამართალდამცველებმა, მეტი ყურადღება მიაქციონ სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მდგომარეობას, მიყენებულ ზიანს, ასაკს, სამართალდარღვევის ფარულ ხასიათს, მტკიცებულებების მოპოვების სირთულეს და ეს ინფორმაცია, სექსუალური შევიწროების დეფინიციის ელემენტების შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმებში ასახონ.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მეტი ძალისხმევა გასწიონ, სასამართლო პროცესზე სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ოქმის დასაცავად. მათ შორის, უზრუნველყონ სასამართლო განხილვის პროცესში მსხვერპლთა სრულყოფილი ჩართულობა.
პარლამენტს:
- გამომდინარე იქედან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 1 მუხლით გათვალისწინებული საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიცია წინააღმდეგობაში მოდის ანტიდისკრიმინაციულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავოს სექსუალური შევიწროების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დეფინიცია
საქართველოს საერთო სასამართლოებს:
- სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებულ დადგენილებებში მოსამართლეებმა სრულყოფილად ასახონ სექსუალური შევიწროების გენდერული განზომილების, ძალაუფლების უთანასწორო განაწილებისა და კონტექსტის შესახებ ინფორმაცია. მათ შორის, სწორად განმარტონ სექსუალური ხასიათის ქცევის ქმედებების არასასურველობის ელემენტ(ებ)ი.
- სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას, მოსამართლებმა, იხელმძღვანელონ დისკრიმინაციის დავებთან მიმართებით ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას
- უზრუნველყონ მოსამართლეთა განგრძობადი პროფესიული გადამზადება გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების თემატიკაზე უახლესი საერთაშორისო პრაქტიკებისა და არსებული სტანდარტების გათვალისწინებით. საქართველოს უზენაეს სასამართლოს
- უზრუნველყოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, შეკრება, გაანალიზება და ფართოდ გავრცელება, რათა ხელი შეუწყოს მათ სახელმძღვანელო პრინციპებად ჩამოყალიბებას.