მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა მძიმე და იშვიათი დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოხატეს.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან მაინც, პირადად შეხვედრას, ასევე – საყოველთაო დაზღვევის სრულფასოვანი პაკეტს, რომელსაც არ ექნება დაწესებული დაფინანსების ლიმიტი.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა წერილი შეიტანეს და ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცეს.
როგორც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული განმარტავს, მისი შვილი საჭირო მედიკამენტს შეუფერხებლად ვერ იღებს. მისივე თქმით, დაავადება იწვევს სხვადასხვა სისტემურ პრობლემას, რასაც მრავალი ძვირადღირებული კვლევა და ანალიზი სჭირდება.
იარაჯული ასევე ამბობს, რომ მინიმუმ სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიკამენტების უპრობლემო შემოტანას.
თამუნა იარაჯული „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მისი აზრით, სახელმწიფო მედიკამენტების შემოტანის შეფერხებით ეკონომიას აკეთებს.
„გუშინ მედიკამენტიც არ იყო და აფთიაქში ჩვენი მისვლიდან 10 წუთში გაჩნდა, სახელმწიფომ როგორც კი მისული დაგვინახა, გაცემა შეძლო, ანუ შესაძლებელი იყო მედიკამენტის გაცემა და არ გვაძლევდა… მეც კი არ ველოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო – ადამიანის სიცოცხლეზე ეკონომიის გაკეთება. ეკონომიას აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია. რაღაც პერიოდი, სადამდეც გაუვა სახელმწიფოს, რომ არ მისცეს ბავშვებს მედიკამენტი, ამით გაუკეთდებათ ეკონომია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მედიკამენტი გვჭირდება.
მოვითხოვთ, შეგვხვდეს პრემიერი. დაუშვან პრეცედენტი, შეხვდნენ ჩემს შვილს, 13 წლის გაბრიელს, რომელიც დღეს საწოლიდან ადგა, მოვიდა და თავის ჯანმრთელობის უფლებას იცავს. დაელაპარაკოს, შეაფასოს, რამდენი დაზიანება აქვს ბავშვს, რა მდგომარეობა აქვს და თუ შეიძლება ასეთი ადამიანის მოტყუება და ეკონომიის გაკეთება.
წარმოუდგენელია, მე, მაგალითად, მთელი ღამე მღვიძავს, რომ ჩემს შვილს ტკივილები გავუჩერო და დღე გამოვიდე და კიდევ აქციები ვმართო. ამიტომ მივმართავ პრემიერს, მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს – რომელიღაცამ გამონახოს დრო, დაჯდეს, უშუალოდ ჩვენგან მოისმინოს პრობლემები. ჩვენი თუ არ სჯერა, ბავშვების მდგომარეობა შეაფასოს და გადაწყვიტოს, გვაძლევენ თუ არა მედიკამენტებს და სრულფასოვან ჯანდაცვის მომსახურებას. ნუ დაგვიწესებენ ლიმიტს და ნუ დაგვაყვედრიან იმას, რაც გვჭირდება. ჩვენც ვიცით, რომ ძვირადღირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაა ჩვენი ბრალი, ბუნებრივად აქვთ ეს დიაგნოზები ჩვენს შვილებს.
გავერთიანდით რამდენიმე ორგანიზაცია, ვაბარებთ წერილს. 10 დღის განმავლობაში ველოდებით, რომ გამოგვეხმაურებიან. მესამე და მეოთხე პირების დონეზე ვეღარ დაველოდებით. უშუალოდ პრემიერმა გამონახოს დრო ან ჯანდაცვის მინისტრმა, მოგვისმინოს და პრესკონფერენციით, ჟურნალისტებთან ერთად სახელმწიფომ დადოს პირობა, რომ გაითვალისწინებენ.
პლუს ამას, ის პიროვნება, ვისაც ეხება მედიკამენტების საკითხი, ხომ ხვდება, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია საქმის შესრულება, უნდა წავიდეს სახლში. ეს ქვეყანა უნდა მართონ პროფესიონალებმა, განსაკუთრებით, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს ეხება ეს საკითხი. შეხედეთ [შვილის მიერ მიყენებულ] დაზიანებებს ჩემს სხეულზე. ეს მედიკამენტის ფონზეა და ეს თუ არ ექნება, ჩემი შვილის გათიშვა და ფსიქიატრიულში დაწვენა მომიწევს. რამ უნდა გამაჩეროს? რომ ვიცოდე, დედამიწის მეორე ბოლოშია წამალი, ხოხვით წავალ და მოვიპოვებ და როცა სახელმწიფომ პროგრამა გამოაცხადა და თავს იწონებს, მაშინ მეც მომეცი ეს პროგრამა და წამალი“, – ამბობს ის.
სიმსივნით დაავადებული პაციენტების გაერთიანების, „კავშირი სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელი გვანცა აფხაიძე ასევე უერთდება პრემიერისადმი მიმართვას. ონკოპაციენტები პრობლემების მოგვარებას რამდენიმე თვეა, უშედეგოდ მოითხოვენ.
„ჩვენ დღეს პრემიერთან იმიტომ მოვედით კიდევ ერთხელ, როდესაც პრემიერი ერთვება საქმეში, ჯანდაცვის მინისტრი ლმობიერი ხდება ონკოპაციენტებთან. და სწორედ ამიტომ მოვედით დღეს ისევ პრემიერთან და იმედი გვაქვს, გამოგვეხმაურება და მოაგვარებს ამდენი ადამიანის პრობლემას.
ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი გზა რაც იყო, ევროკავშირში წასვლა და ჩაბარება, მაგასაც ვეღარ ვახერხებთ. დეპორტირებული ონკოპაციენტები გვყავს, იმიტომ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ჩვენთან როგორ მზრუნველობასაც მიიღებს პაციენტი, ისეთ მზრუნველობას ვერ მიიღებს ვერსადო. შესაბამისად, ყველგან ადეპორტებენ ქართველ პაციენტებს და საქართველოში მათ წამალიც კი არ აქვთ. ჩვენ მოვითხოვთ გამოხმაურებას, რომ ჯანდაცვა გამოსწორდეს და მედიკამენტი მაინც იყოს დროულად ხელმისაწვდომი. თებერვლის მერე გვაქვს პროტესტი და ეს პრობლემა არ გამოსწორებულა. ჩვენ ვხედავთ, მინისტრი გამოდის პროპაგანდისტულ არხებზე და ამბობს, რომ დეფიციტები აღმოიფხვრა, მაგრამ სინამდვილეში ეს დეფიციტი ერთ წამალზე აღმოიფხვრება, მეორეზე იწყება, სულ არის რაღაც წამლის დეფიციტი“, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.