ონკოპაციენტები: მინისტრი შეხვედრაზე გვიყვიროდა

პუბლიკა

9 აპრილს, ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში მიიღო.

როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე „პუბლიკას” ეუბნება, მინისტრმა შეხვედრაზე ონკოპაციენტებს უყვირა.

მისი თქმით, მინისტრი „წყობილებიდან გამოვიდა და ყვირილი დაიწყო” ერთ-ერთი ონკოპაციენტის მხრიდან დასმული შეკითხვის შემდეგ.

„პაციენტები ჰყვებოდნენ თავის ამბებს, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტები, ერთ-ერთმა დასვა კითხვა, რამაც გააღიზიანა მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა წყობილებიდან, თქვენ ჩემ წინააღმდეგ ხართ, მაკრიტიკებთ ტელევიზიითო და ყვირილი დაგვიწყო. პაციენტმა იკითხა ვადებზე, თუ სწორად მახსოვს, კვლევები როდის დაიწყებაო, ჩვეულებრივი შეკითხვა დასვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არავითარი აგრესია, თუმცა რომც ყოფილიყო, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვყავართ დღეს სამინისტროს, ესეც ბუნებრივი იქნებოდა. მინისტრს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება. ყვიროდა, ჩვენ ვეუბნებოდით – ნუ ჩხუბობთ მინისტრო!”, – ამბობს გვანცა აფხაიძე. 

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხები მინისტრისგან ვერ მიიღეს.

„გვითხრა რომ მუშაობს… როდის მოიხსნება დეფიციტი წამალზე – გვითხრა, რომ უახლოეს მომავალში… პროცედურულად რამდენიც დაჭირდებაო. ეს ძალიან ზოგადი პასუხია. შეიძლება დაჭირდეს ერთი თვე, შეიძლება დასჭირდეს ერთი წელი. ონკოპაციენტებს დალოდება მოსთხოვო, წარმოუდგენელია. მეტასტაზები წასული. მეოთხე სტადიაში არიან… წამალი არ არის აფთიაქში, დაფინანსება მხოლოდ ფურცელზეა”, – ამბობს გვანცა აფხაიძე.

აფხაიძე ამბობს, რომ წინა დღით, მიხეილ სარჯველაძეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „უთხრა, რომ ჩემი პირდაპირი დავალებაა, იზრუნო ონკოლოგურ პაციენტებზე”.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ონკოპაციენტები მოითხოვდნენ. 8 აპრილს ისინი კანცელარიასთან ღამეს ათენებდნენ, „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვეუბნება, რომ კობახიძემ ონკოპაციენტები შეხვედრაზე ღამის 2 საათისთვის მიიღო და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

რას მოითხოვენ ოკოპაციენტები?

ონკოპაციენტები კვლევებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, კვლევებისთვის [ სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია, სხვადასხვა გამოკვლევა] გამოყოფილი ეს ლიმიტი რიგ შემთხვევებში არასაკმარისია, ვინაიდან თითოეულ ონკოპაციენტს სხვადასხვა სახის მიდგომა და მკურნალობის სტრატეგია სჭირდება. შესაბამისად, მათი თქმით, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისი მხარდაჭერა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, პაციენტები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გატანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, ეს მათ პრობლემას არ აგვარებს, ვინაიდან: მათი განმარტებით, პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ კონკრეტული ჩამონათვალის მედიკამენტებს, მაშინ როცა, სათანადო მკურნალობისთვის, ისეთი მედიკამენტებიც სჭირდებათ, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

პაციენტები საუბრობენ იმაზეც, რომ რიგ მედიკამენტებზე დეფიციტია შექმნილი და აფთიაქებში მის ყიდვას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა საჭირო მედიკამენტი გახდეს ხელმისაწვდომი და გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს.