ორგანიზაციები: შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

პუბლიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების თქმით, შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შუქრუთელების მრავალთვიან პროტესტზე, იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის იმპერატიული ინტერესით და შეწყვიტოს უფლებადარღვეული ადამიანების სამართლიანი პროტესტის უგულებელყოფა.

შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია, უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ. უკვე 25 დღეა, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.

„აშკარაა, რომ შექმნილი ვითარება, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს  უფრო მძიმე შედეგები და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, კრიტიკულად გაუარესდეს. შესაბამისად, არსებითია ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილოს შუქრუთელების მოთხოვნები.

სამწუხაროდ, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო და კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ცნობების გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას. კერძოდ, სახელისუფლებო მედია არხები ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეებს ზიანი უკვე სრულად აუნაზღაურდათ. სინამდვილეში, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს კომპანიისგან კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია, ზოგიერთს კი აღებული აქვს ისეთი მცირე თანხა, როგორიც 5000 ლარია.

რაც შეეხება დანარჩენ ოდენობებს, რაზეც კომპანია თავის განცხადებებში აპელირებს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს თანხა რამდენიმე ადგილობრივზე გაცემულია კომპანიასა და ადგილობრივებს შორის გაფორმებული 2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე.

ამასთან, როგორც ბოლო 3 წლის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, კომპანიამ უხეშად დაარღვია 2021 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებიც და შუქრუთელები დღეს კომპანიისგან ამ ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ, რომელსაც მაშინაც პროტესტის უკიდურესი ფორმებით მიაღწიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადებით, სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ.

„გარდა იმისა, რომ მოპოვებითი საქმიანობა საჯარო რეგულირების საგანია და „ჯორჯიან მანგანეზის” შემთხვევაში ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს“, – წერია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციები ამბობენ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ უღიარებია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარება. მათ შორის, არ მიუღია ზომები იმ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას.

„სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ და  ხელისუფლების მხრიდან ადამიანების უფლებების უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობის არიდებამ მიიყვანა შუქრუთელები შიმშილობის და პირის ამოკერვის უმძიმესი პროტესტის ფორმებამდე. ამ ეტაპზე, საიმისოდ, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოეხმაურონ შუქრუთელების პროტესტს და წამოიწყონ პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების გარანტიებს შექმნის“, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მოშიმშილე შუქრუთელები დღეს, 25 სექტემბერს პარლამენტის წინ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოინახულა. 

„25 დღეა, ვშიმშილობთ და პირველად მოხვედით, რაის სახალხო დამცველი ხართ, პატივცემულო?“ – მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს.

შუქრუთელებმა მას განუმარტეს, რომ შეზღუდული აქვთ უფლებები, მათ შორის, პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება.


პროტესტში მონაწილე შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია.

ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.