ოდესღაც, კაპიტალისტური საზოგადოებები ემყარებოდა დიქოტომიას: პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებები მიიღებოდა თანასწორ საწყისებზე, როცა ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი უფლება აქვს, ხოლო ძალაუფლების სტრუქტურა ბრტყელია. ეკონომიკის სფეროში კი პირიქით – ძალაუფლება კაპიტალის მფლობელების ხელშია, ხოლო ძალაუფლების სტრუქტურა იერარქიულია. ეს დიქოტომია დიდი ხნის განმავლობაში დამაბალანსებლის ფუნქციას ასრულებდა, ფიქრობს სერბო-ამერიკელი ეკონომისტი, უთანასწორობის მკვლევარი ბრანკო მილანოვიჩი.
თუმცა, დროდადრო, თანასწორობის პოლიტიკური პრინციპები იჭრებოდა ეკონომიკის სფეროში, კაპიტალის მფლობელების ძალაუფლების შესაზღუდად – პროფკავშირული მოძრაობით, გაფიცვებით, რეგულაციებით. და პირიქით (და უფრო მეტად პირიქით) – ეკონომიკის სფერო კიდევ უფრო ხშირად იჭრებოდა პოლიტიკის სფეროში – მდიდრები ყიდულობდნენ და ყიდულობენ პოლიტიკოსებს, აღებინებდნენ კანონებს, რომლებიც მათ ჭირდებოდათ და ჭირდებათ.
ბრანკო მილანოვიჩის თქმით, კაპიტალიზმის ისტორია შეიძლება გავიგოთ, როგორც ამ ორი პრინციპის ბრძოლა: ხან დემოკრატიული პრინციპი შეიჭრებოდა პოლიტიკიდან ეკონომიკაში, ხან კომპანიის მართვის იერარქიული პრინციპი შეიჭრებოდა პოლიტიკის სფეროში. სოციალ-დემოკრატია წარმოადგენს პირველის ნიმუშს, ხოლო მეორის ნიმუში ნეოლიბერალიზმია.
კორპორატიული სექტორისთვის დამახასიათებელი წესების პოლიტიკაში ჩაშენების შემდეგ, პოლიტიკოსები ხალხს აღარ უყურებენ, როგორც მოქალაქეებს, არამედ როგორც დასაქმებულებს. ხოლო დასაქმებულები შეიძლება გაუშვა, დაამცირო, ან უგულებელყო.
ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამდე, ამბობს მილანოვიჩი, ეკონომიკის წესებით პოლიტიკის მართვა არ იყო ფაქტად აღიარებული. ტრამპის მოსვლამ ეს ბუშტი გახეთქა. ტრამპისთვის გაუგებარი იყო, რა იყო ცუდი ბიზნესის წესების პოლიტიკაში გამოყენებაში. ბიზნესიდან მოსულს მიაჩნდა, რომ პოლიტიკის ველი ეკონომიკის გაგრძელებაა.
ტრამპის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი მოდის. ის ციდან არ ჩამოვარდნილა – ბენდუქიძის ეკონომიკური სისტემა თანდათან სულ უფრო ნაკლებად საჭიროებდა პოლიტიკოსებს და სულ უფრო მეტად-ბიზნესმენებს. სხვანაირად თუ ვიტყვით, ამ სისტემას აღარ ჭირდებოდა მიშა, მაგრამ ჭირდებოდა ბიძინა.
ივანიშვილისთვის საქართველო კომპანიაა, რომლის აქციებითაც ვაჭრობს, რომლის აქტივებსაც გაასხვისებს ან გააჩუქებს, ხოლო ხალხის დიდი ნაწილი დასაქმებულებად ყავს წარმოდგენილი და არა მოქალაქეებად. იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მმართველობა, არსად არ წავა თავად მმართველობის წესი – საქართველოში პოლიტიკა ბიზნესის გაგრძელებაა და ეს წესი საერთოა პოლიტიკური კლასის თითქმის ყველა სუბიექტისთვის. ვიღაცისთვის გააზრებულად, ვიღაცისთვის ძვლის ტვინით.
საქართველოს ავად ყოფნის ერთერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრინციპების სრული დომინაციაა პოლიტიკური თანასწორობის პრინციპებზე. ამ ავად ყოფნის სიმპტომებია შუქრუთი, ბალდა, ნამოხვანი, უთანასწორობა დასაქმების ადგილებზე, უნივერსიტეტებში თუ კულტურის სფეროში და სხვ და სხვ.
სანამ პოლიტიკური (თანასწორობის) პრინციპის გარშემო მობილიზაცია სუსტია, ეკონომიკური პრინციპი იბატონებს პოლიტიკურზე. ჩვენ მოგვცემენ ოფისებსა და კაბინეტებში მსხდომთა გვარების შეცვლის ნებართვას, მაგრამ არა პოლიტიკური პრინციპებით საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვის ნებართვას. ასეთ ნებართვას არ ჩუქნიან – სხვათაშორის, არც ევროპარლამენტარები. ამ ნებართვას მხოლოდ მოიპოვებენ – სხვათაშორის, ევროპაშიც ასე იყო.