წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო ძალადობისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტები | საიას ანგარიში

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა.

საიას განცხადებით, რამდენიმე რეგიონში გამოავლინეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელშეშლისა და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს.

საიამ მონიტორინგის ფარგლებში შეაფასა 9 ინციდენტი: 4 წარმოადგენს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას, 2 – სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 – კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 2 – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 – პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.

„მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიგურირებენ. არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება ქვეყნისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და აგიტაციის პროცესში ხელშეშლა“, – წერს ორგანიზაცია.

საიას განცხადებით, ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ მიუღიათ.

2024 წლის 1 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ გამოავლინა შემდეგი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტები:

1. თავდასხმა პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე

  • პარტია „ახალის” თანათავმჯდომარეს, ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე, რაც ძალადობას გულისხმობს. 2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ამ დროისათვის კონკრეტული პირის იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2. თავდასხმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებზე

  • 8 სექტემბერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ. კოალიციის წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ინციდენტი ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კოალიციის განცხადებით, მათთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მართალია ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. საიას მოსაზრებით, ეს შემთხვევები, შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, ანა წითლიძეზე თავდასხმა

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით, 19 სექტემბერს ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. მისი თქმით, ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავად დეპუტატს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაზარალდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ბექა ფარცვანია, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და მონაწილეობდა კამპანიაში. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ანა წითლიძეს. ასევე, ჩანს ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ფაქტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი. მან ჯერ განცხადება გაავრცელა სოციალურ მედიაში, შემდგომ კი ბრიფინგი ჩანიშნა. მისი განმარტებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იქ შეკრებილ დევნილებს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც, საიასთვის გახდა ცნობილი, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე.

4. პოლიციელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება

  • 16 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ პარტიის წევრზე იძალადა. ენმ-ს განცხადებით, ზურაბ აბაევი სასტიკად იყო ნაცემი. ადვოკატისა და თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ჯერ აბაევი სცემა, შემდეგ დააკავა. მოგვიანებით, დაზიანებების გამო, იგი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარტიის წევრი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც აბაევმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. შედეგად, იგი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ამის საპირისპიროდ, დაკავებულის უფლებათა დამცველი და თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაპირისპირება კი პოლიციელების მხრიდან დაზარალებულისთვის ფოტოების გადაღების გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში შედგენილ ფორმა 100-ში წერია, რომ დაკავებულს აქვს ტვინის შერყევა, ასევე ფილტვების დაზიანებები. დაზარალებულის ადვოკატი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის. აღნიშნული ქმედება შეიძლება შეიცავდეს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს. საიამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან ფაქტზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა შესაბამის სამსახურს. ორგანიზაციას ჯერ პასუხი არ მიუღია.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.