ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ სროლას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – აცხადებს საგარეო.
BBC წერს, რომ ისრაელის პოლიციამ დაადასტურა 1 ოქტომბერს მომხდარი სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვა. თავდასხმა იაფაში, რკინიგზის სადგურზე მოხდა. ბოლო ცნობებით, დაჭრილია 17 ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის ცნობით, ორივე ტერორისტი მოკლულია.