ივანიშვილმა ბოდიში ოსებს და აფხაზებსო. ეს ბოდიში წინასაარჩევნო ილუზიის შესაქმნელად ჭირდება, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ბევრი ვარიანტი არ გვაქვს – ეს „რაღაც“ ან წინასაარჩევნო თაღლითობაა, „გარეჯი საქართველოა“ კამპანიის მსგავსი, ან რუსები, გარუსებულ აფხაზურ ბურჟუაზიასთან ერთად, თვალს უპაჭუნებენ ივანიშვილს.
ზოგადად თუ ვიტყვით, საქართველოში ახლა ერთმანეთს ებრძვის ორნაირი დამოკიდებულება აფხაზების და ოსების მიმართ: ერთი დამოკიდებულება ამბობს, რომ აფხაზებთან შესარიგებლად ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მეორე ამბობს, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს, პირიქით – ქართველების ეთნიკური წმენდა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და აფხაზეთის დაბრუნება მხოლოდ სამართლებრივ–სამხედრო გზით არის შესაძლებელი.
ბოდიშის პოლიტიკას, რომელშიც ერთმანეთში უცნაურად არეულია მემარცხენე-ლიბერალური თვითდადანაშაულება და მხდალი კონსერვატიზმი, ყავს თავისი გულწრფელი მიმდევრები (მაგ. იხილე ნანა ჯანელიძის ფილმი), ოღონდ ივანიშვილი მათ შორის არაა. მილიტარისტული განწყობები კი ლიბერალური ნაციონალიზმის პირმშოა და მის გაზიარებულ წარმოსახვაში საქართველო უნდა იყოს ისრაელივით ძლიერი, ხოლო აფხაზები, ლოგიკურად, პალესტინელების ადგილს დაიკავებენ. (აქედან ამ ნაციონალიზმის მხრიდან ისრაელისთვის გულშემატკივრობა, ხოლო უგრძნობლობა და ხშირად ზიზღიც პალესტინელთა მიმართ).
ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის და შერიგების მომხრესთვის, ივანიშვილის ბოდიში უკუღმა მუშაობს. ეს ბოდიში სასაცილო და არასერიოზულია აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ამ ბოდიშს პრაქტიკული განზომილება საერთოდ არ აქვს – ამდენი წლის შემდეგ, ოსებს და განსაკუთრებით აფხაზებს, სავარაუდოდ ის აინტერესებთ, პრაქტიკულად რისი შეთავაზება შეუძლიათ მათთვის ქართველებს. აფხაზების მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია. მათი 30 წლიანი „არც იქ და არც აქ” ვითარება (არც საერთაშორისო აღიარება და არც საქართველოსთან ინტეგრაცია, მითუმეტეს არც რუსეთთან), რომელსაც აფხაზები, უნდა ვთქვათ, ჯიუტად ინარჩუნებდნენ, დასასრულს უახლოვდება. ისე მოხდა, რომ აფხაზების პოლიტიკური მისწრაფებები (დამოუკიდებლობისკენ) თავიდანვე დაუკავშირდა მიწას და უძრავ ქონებას. კონსტიტუციაში მიწა არსებობის მთავარ გარანტად ჩაწერეს. ამას მოგვიანებით უცხოელებზე ბინის გაყიდვის აკრძალვაც დაუმატეს. ეს ორი მოვლენა უკავშირდება აფხაზების ორ მთავარ შიშს: რესურსები სხვამ არ მიიტაცოს (მიწის გავლით) და ეთნიკურ უმცირესობაში არ აღმოჩნდნენ (როგორც ეს უკვე იყო მუჰაჯირობის შემდეგ და მოგვიანებით სსრკ–ს დროსაც). რუსეთი ზუსტად ამ ორს მიადგა – ასლან ბჟანიას კომპრადორული გუნდი, რუსების დავალებით ორივე წინააღმდეგობის გატეხვას ცდილობს. აფხაზებმა მოითმინეს ბიჭვინთის საუკეთესო ნაწილის 50 წლით რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, მაგრამ ვერ აიტანეს კანონი ბინების შესახებ – რომელიც, მათი აზრით აფხაზებს თანდათან ეთნიკურ უმცირესობაში აღმოაჩენს. “არა გარუსებას” – ასეთ ლოზუნგს არცთუ იშვიათად ნახავდით ან მოისმენდით ბინების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე. ეს არის ფონი, რომლის შუქზეც უნდა განვიხილოთ აფხაზებთან ნებისმიერი შერიგების პოლიტიკა.
ამ ფონზე, ივანიშვილის ბოდიში სასაცილოდ გამოიყურება. აფხაზების შიშების ფონზე, რა ფასი შეიძლება ქონდეს იმის ბოდიშს, ვინც ოჩამჩირის რაიონისხელა ტერიტორია (ტყე და მიწა) ლარად, სანადირო სივრცის მოსაწყობად გადასცა ხიდაშელს? ხომ გვახსოვს რაჭის ტყის ამბები?
თუ ოცნების მიერ აფხაზებისთვის საჯაროდ გაკეთებულ შეთავაზებებს გავიხსენებთ, ყველაზე საცილო მაინც ღარიბაშვილის (ივანიშვილის) დაპირება ჩანს, რომ აფხაზეთი გახდება მონაკო, ხოლო სოხუმი მეორე მონტე–კარლო.
აფხაზების კიდევ ერთ ბოლოდროინდელ შიშზე ღირს ყურადღების მიქცევა, რომელიც საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობასთან ერთად აფხაზეთში უფრო იმატებს. “გვეშინია რუსებმა ქართველებზე არ გადაგვყიდონ” – ასე გამოითქმის ეს შიში, რომელიც მთლად უსაფუძვლო არ არის. რა თქმა უნდა, დიდი ფულის პატრონებს ენგურს გაღმა და გამოღმა, აუცილებლად ექნებათ აფხაზეთის მოგების წყაროდ ქცევის თავიანთი გეგმა. მაგრამ აფხაზეთის ყიდვის ნებისმიერი გეგმა მარცხისთვისაა განწირული. ასეთი გეგმის განხორციელება ალბათ გაჭირდება, მაგრამ რომც განხორციელდეს, ეს კონფლიქტის მოგვარების გზა ვერ იქნება. ბურჟუაზიას ყველა დროში აქვს ილუზია, რომ ერთმანეთში თუ მოგვარდებიან, პრობლემა მოგვარდება. ამ ილუზიას კვამლივით ფანტავს ქუჩაში გამოსული ხალხის ხმაური.
ისევ დავუბრუნდეთ უსარგებლო ბოდიშს და მილიტარისტულ განწყობებს აფხაზეთთან დაკავშირებით. ივანიშვილის მავნებლური ბოდიში და მავნებლური მილიტარისტული განწყობები ტყუპისცალები არიან. ერთმანეთს იმსახურებენ, ერთმანეთით უდგათ სული. ორივე გუშინდელი დღეა – ერთი ნოსტალგიური უთავმოყვარობით, მეორე – უპერსპექტივო რევნშიზმით. პირველის უკან აფხაზეთის რაიმე ფორმით ყიდვის აფირისტული გეგმა იმალება, მეორე კი სამაგიეროს გადახდის სურვილს ვერ მალავს. ორივეს უნდა დავემშვიდობოთ, როგორც ილუზიას, მოჩვენებას, რომელიც დროდადრო გვეცხადება და ხან შურის საძიებლად გვიხმობს და ხანაც თავის დახრისკენ, რომელიც არავის ჭირდება.
რაც შეეხება ხალხს, აქ უფრო საინტერესო მოვლენები იკვეთება. 30 წლის წინანდელი ომი ქართველებისთვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ხოლო აფხაზებისთვის – სამამულო ომი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ომი ტრიალებდა მიწის, ტერიტორიის და ასევე რესურსების გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თითქმის არ არის დანახული. ქართველები და აფხაზები ომიდან 30 წლის შემდეგაც მიწას და რესურსებს იცავენ, ოღონდ არა ერთმანეთისგან. არ ვიცი ამან, თუ კიდევ სხვა რამემ, გააჩინა სტიქიური, ფრთხილი, მაგრამ სასიამოვნო სოლიდარობები ენგურს გაღმა და გამოღმა. აფხაზების ნაწილი გულშემატკივრობდა მაისის აქაციებს თბილისში, როგორც ჩანს ანტირუსული განწყობების გამო, ხოლო თბილისიდან ასევე ისმოდა კომპლიმენტები, როცა აფხაზეთში “ბინების შესახებ კანონი” ხალხის წინააღმდეგობამ გააჩერა.
ქართველებს მოგვიწევს იმის აღიარება, რომ აფხაზები რუსების დანამატი არ არიან და მოგვიწევს მათი დანახვა, როგორც სუბიექტის, რომელსაც საკუთარი მისწრაფებები, შიშები და იმედი ამოძრავებს, ისევე, როგორც აფხაზებს მოუწევთ აღიარება, რომ მიწას მხოლოდ ქართველებისგან არ იცავდნენ. აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაფიქრი, რომელიც ხალხებს შორის დაახლოებას არ ითვალისწინებს, მკვდრადშობილია. ასეთია ივანიშვილის ბოდიშიც და მილიტარისტული ჰეროიზმიც.