ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“. თავდაპირველად წარდგენილი იყო 7 პროექტი, თუმცა დეპუტატებმა ერთ, შეჯერებულ ვარიანტს უყარეს კენჭი.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 73, ხოლო თავი შეიკავა 86-მა.
რეზოლუციაში დაგმობილია რუსული და ჰომოფობიური კანონები, რომლებსაც დეპუტატები ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ აფასებენ და მიუთითებენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ ეს კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი ვერ მიიღწევა.
25-პუნქტიანი რეზოლუციით ევროპარლამენტი:
გამოხატავს წუხილს, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ჩემპიონი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პროგრესში, დიდი ხანია, რაც სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;
მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიძიონ დემოკრატიული უკუსვლის ის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მიაწოდოს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მთავრობასა და პარლამენტს; მოუწოდებს, რომ EU-ის ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს მანამ, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;
გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის „კრიმინალური პოლიტიკური ძალის“ მოხსენიებასთან დაკავშირებით; აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს შიშის დათესვას.
ამასთან, ევროპარლამენტი გმობს „ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისსა და კიდევ ერთ მცდელობაში, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ“; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ „დააწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის“;
რეზოლუციას კენჭისყრამდე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მას „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა. მისთვის აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვენ.
პაპუაშვილისთვის ასევე მიუღებელი და „სამარცხვინოა“ რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.
შალვა პაპუაშვილი ამაზრზენსა და სკანდალურს უწოდებს, ასევე, „საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებულ მოთხოვნას, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ“.