კეთილსაიმედო

გიორგი ხასაია

ქართველი მედიკოსების  პირით ხელახლა გაიბრწყინა სიტყვამ – „კეთილსაიმედო“.

ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ შედგენილი უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონით ის განიმარტება, როგორც სრულიად სანდო.

როგორც ჩანს,  სამედიცინო წრეებში ეს სიტყვა ხმარებაში იყო მანამდეც, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ალბათ იმიტომ, რომ მათ მიმართ ბევრი უკმაყოფილება დაგვიგროვდა და სანდოობა შეგვიმცირდა.

ერთი მხრივ,  Covid-19-მა ვერ და არ უნდა ჩამოწეროს წყენა, რომელიც ბევრ ჩვენგანს კლინიკების და მათი პერსონალის მიმართ აქვს. ეს წყენა არსებობს იმიტომ, რომ მათგან უგულისყურო და უდიერ  დამოკიდებულებას ვაწყდებით  და ვგრძნობთ, რომ  მათთვის იოლი ფულის შოვნის საშუალება ვართ.

ექიმების უხეშობის ერთ-ერთ მიზეზად, ცნობილი ფილოსოფოსი იმას ასახელებდა, რომ მათ აქვთ ფული, მაგრამ სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ხარჯავენ. ჩვენს შემთხვევაში ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს.

სახელმწიფო დაზღვევამ კერძო კლინიკებს გარანტირებული მოგება  გაუჩინა. მაგრამ ეს მოგება  კლინიკის პერსონალზე უსამართლოდ  ნაწილდება.  ეს უთანასწორობა ექიმების  უხეშობის და გულმოსულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.  ჩვენ ვავსებთ კლინიკების მოსაცდელებს და კაბინეტებს, რადგან ხარჯების ნაწილს  სახელმწიფო დაზღვევა (თანდათან სულ უფრო გაძარცვული) გვიფარავს და ეს კლინიკებისთვის გარანტირებულ მოგებას ნიშნავს. მაგრამ ეს მოგება მხოლოდ მფლობელებსა და ექიმების მცირე ჯგუფზე აისახება. ისევე, როგორც დიდი სუპერმარკეტების მოგებები არ აისახება რიგით თანამშრომლებზე.

მეორე მხრივ, ქართული მედიცინა ახლა ცდილობს მისი საუკეთესო ნაკვთები აჩვენოს  და ჯერჯერობით ეს ძალიან კეთილსაიმედოა. ოღონდ ის, რაც კეთილსაიმედოა, ამ დარგში პროგრესული გარდაქმნების საფუძველიც უნდა გახდეს.

ქართულმა მედიცინამ,  თავის პროფესიულ ლექსიკონში არსებული საუკეთესო სიტყვა გამოთქვა, გამოთქვა ქალის პირით და ალბათ კარგა ხანს გაიჩერებს ენის წვერზე.

კეთილსაიმედოა  ქართველი ემიგრანტი ქალების ენთუზიაზმი და ზრუნვა – ისინი  ქმნიან ჯგუფებს, აგროვებენ ფულს, ეძებენ საკვების, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ თანამემამულეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მიაქვთ მათთვის დახმარება და ნუგეში. სხვას უნაწილებენ იმას, რაც თავადაც ცოტა აქვთ და რაც შეიძლება მალე  აღარც ჰქონდეთ. ქართული სახელმწიფო მათ იყენებს, როგორც უფასო მუშახელს და სანაცვლოდ არაფერს აძლევს – არც პოლიტიკური მონაწილეობის ფორმებს და არც დაბრუნების პერსპექტივას. ალბათ, კიდევ ერთხელ ღირს გავიხსენოთ, რომ  უცხოეთიდან ფულადი გზავნილები უკვე დიდი ხანია, უსწრებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს – საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) უცხოური ინვესტიციების წილს აღემატება.

ემიგრანტი ქალების  მოქმედებები არ ემთხვევა  აზრს, რომლის თანახმადაც ჩვენი სხეული უბრალოდ ჩვენი საქმეა. არამედ ამბობს, რომ ჩვენი სხეულები საერთო ზრუნვის ობიექტიც უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადიცაა, რომელიც თავის ნამდვილ ფემინისტურ პოტენციალს შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ატარებს. ატარებს ზრუნვისა და განაწილების ენთუზიაზმის ფორმით.

(აქვე უნდა ვთქვათ, რომ პანდემიამ ქალების მდგომარეობა ჩვენთანაც და სხვაგანაც გააუარესა – სკოლების დახურვის და ბავშვების სახლში გამოკეტვის პირობებში, საშინო  შრომა კიდევ უფრო მძიმე გახდა).

პოსტსაბჭოთა რუსულ  ნეოლიბერალურ პროექტს, რომელმაც თავისი საუკეთესო წლები საქართველოში გაატარა – ჯერ ბენდუქიძე-სააკაშვილის, შემდგომ კი ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის სახით, ჩვენს თვალწინ საყრდენი ბოძები ეცლება. ის აჩვენებს საკუთარ შეუმდგარობას, აჩვენებს სოლიდარობისა და ზრუნვის უპირატესობას თავისუფალი ბაზრის პრიმატზე. ჩვენი, როგორც საზოგადოების მომავალი, როგორც ჩანს, სოციალური სახელმწიფოს მოთხოვნილებაზე  გადის, რომელიც მოთხოვნად უნდა იქცეს. და აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკური კლასი ამისთვის გამოუსადეგარი იქნება.