გახარიას შესაძლოა, არ ქონდეს ბოლო ცოდნა არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ექნება ბოლოს წინა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელსაც პრემიერ მინისტრის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა.
მან ალბათ მეტი იცის არჩევნების გაყალბებაზე, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ ერთად აღებულმა. ოპოზიციაში მასზე სტაჟიან გამყალბებლებსაც ვიპოვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოში წლიდან წლამდე თუ არა, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე მაინც, არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები ახალი ელემენტებით მდიდრდება.
ბაზების გახსნასთან დაკავშირებული მისი იდეა, (ისევე, როგორც საიას სარჩელი ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით) ადეკვატურია, სასაცილო არ არის და დანარჩენი ოპოზიციის ჭკუასუსტობის ფონზე გახარიას საინტერესოს ხდის. ეს იდეა მას ცხადია, გამოცდილებამ უკარნახა 2020-ს არჩევნებიდან, როცა დიდი ვარაუდით თავადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა მოქალაქეების შესახებ მონაცემების მოპოვებაში, სხვისი პირადობის მოწმობებით ხმების ჩაყრაში და სხვ.
დანარჩენი ოპოზიცია მუჯლუგუნებით იგერიებს გახარიას ინიციატივებს. მათთვის ის საეჭვოა, როგორც ქოცი. ოცნებისთვის ის საეჭვოა, როგორც ნაცი, მაგრამ ამის ბოლომდე ალბათ თავადაც არ ჯერათ, ისევე, როგორც ოპოზიციაში არ ჯერათ მისი ნაცობა და მასთან დისტანცირების მთავარი მიზეზიც ალბათ ესაა. ქოცები მას არჩევნებთან დაკავშირებული კრიმინალური საიდუმლო ცოდნის გატანასაც არ პატიობენ. ამ ცოდნას გახარია ატარებს, მაგრამ ბოლომდე არ ამბობს. და თუ იტყვის, საფრთხეს შეუქმნის საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ახლა ზრდის შანსი უჩნდება.
ოპოზიციის სასაცილო მოძრაობების ფონზე გახარიას ლაპარაკი დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა მისი მოძრაობები ჯერ არ გვინახავს. მთავარი კითხვა ახლა ის არის, შეუძლია თუ არა მას პროტესტის ლიდერი გახდეს? ეს კითხვა მწიფდება მის მიერ დარბეული აქციების მონაწილე ადამიანების ნაწილის თავებშიც კი და ამ ინტერესის გაჩენას დანარჩენი ოპოზიციის ჭკუასუსტობა უწყობს ხელს.
აქ არის გახარიას მთავარი ლიმიტიც – რუსთაველის გამზირი, რომელიც ჯერ ისევ ინარჩუნებს ქვეყნის მთავარი საპროტესტო რიტუალის სცენის ადგილს, მის მიმართ სტუმართმოყვარე არ არის. რუსთაველი გახარიასთვის ჯერ ისევ მარცხის ადგილია – იქ ან ბოდიშის მოსახდელად მიდის, ან მისი გადაწყვეტილების შედეგად დასახიჩრებული ადამიანების აჩრდილები დაყვება.
პროტესტის ამჟამინდელი სცენა მნიშვნელოვანწილად განსხვავდება მაისის აქციების სცენისგან – თუ მაისის პროტესტის სცენაზე მრავალფეროვნების გათამაშების სურვილი და შესაძლებლობა არსებობდა, მიმდინარე აქციის სცენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის პროტესტს გავს: იგივე რიტორიკა, იგივე, კოსმეტიკურად შეცვლილი შემადგენლობა და იგივე უმწეობა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ სვლის თვალსაზრისით.
და თუმცა დღეს გახარია ძნელად წარმოსადგენია რუსთაველზე გამართული მრავალათასიანი აქციის ლიდერად, პროტესტის განმავლობაში ასეთი მოთხოვნა მაინც შეიძლება გაჩნდეს, თუ დანარჩენი ოპოზიციის მოძრაობებსა და რიტორიკაში კონკრეტულ ლაპარაკსა და ქმედებასთან ერთად რაიმე სახის გამარჯვების ჰორიზონტიც არ გამოჩნდება.
მაგრამ ისე ჩანს, რომ რასაც ახლა გახარია უმიზნებს, განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში მეტი ხმის მიღებაა. თუმცა, სავარაუდოდ, განმეორებითი არჩევნების დანიშვნისთვის საჭირო ძალისხმევაში ლეგალისტური და ეკონომიური იქნება.
ეს მისი მეორე ლიმიტია.