ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ნოემბერს დაკავებული ყველა „ოპოზიციონერი" გაათავისუფლეს

პუბლიკა

გუშინ, 12 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ნოემბერს დაკავებული ყველა „ოპოზიციონერი“ გაათავისუფლეს.

დაკავებულები იყვნენ ომარ სმირი, გარი კოკაი, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. საოკუპაციო რეჟიმმა დაკავების მიზეზად მათ მიერ „პარლამენტის წევრის“, ალმას აკაბის მიმართ „არაკანონიერი ქმედებები“ დაასახელეს.

„ოპოზიციონერების“ დაკავებამ ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათ დაკეტეს 3 ხიდი, მათ შორის გუმისმთის და კოდორის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ გზები გაიხსნა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ კოკაიას, არძიმბას და ჯოპუას „ბრალი წარუდგინა წვრილმანი ხულიგნობისთვის, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო სამართალწარმოება შეწყვიტა“. სმირსა და გვარამიაზე ე.წ. სასამართლოს „საქმის წარმოება“ არც დაუწყია.

***

ე.წ. ოპოზიციონერების დაკავებამდე ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა მოახდენდა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას.

საინვესტიციო შეთანხმება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.

„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.

საინვესტიციო “კანონი” უცხოელებისთვის, ანუ რუსეთვის მიწის ყიდვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

„შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგება, წყალმომარაგება, სითბოს მიწოდება, ტრანსპორტი, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურა”, – თქვა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა. 

ამასთან, 11 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს „კანონპროექტი” მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობის შესახებ. მიღებული „კანონის” მიხედვით, ეს შენობები არის „ექსკლუზიურად არასაცხოვრებელი ფართი სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის“, რომლებშიც „ნებადართულია საოფისე, საცალო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი შენობების განთავსება“.

ამასთან, აკრძალულია ამ შენობებში ბინების ან სასტუმროების განთავსება, რაც გათვალისწინებული იყო „აპარტამენტების შესახებ“ კანონით.

ამ შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა თითქმის იმავე შინაარსის ე.წ. „აპარტამენტების კანონის“ მიღების მცდელობა და პროტესტი.

„კანონი” უცხოელებს, ძირითადად, რუსებს ოკუპირებული რეგიონში ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალებას მისცემდა. მას ე.წ. ოპოზიცია და ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, ის საოკუპაციო რეჟიმმა 25 ივლისს გაიწვია და არ დაამტკიცა.

ადგილობრივები მას ეწინააღმდეგებოდნენ ფასების სავარაუდო ზრდის, ტურიზმის ბიზნესის ზარალის და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო ცვლილების გამო – აფხაზები შიშობენ, რომ „საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან”.