ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულები ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ - ადვოკატი

პუბლიკა

„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, – ინფორმაციას „პუბლიკას” ადვოკატი სერგი ხურციძე უდასტურებს.

ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. 

კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

2022 წლის 4 აპრილს ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი, გასული წლის იანვარში, ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო ჯგუფური ძალადობის ნაწილში და მათ პატიმრობა თითო წლით შეუმცირა.

ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.


„TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს პროფესიული მოვალების შესრულებისას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად  ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს.

პარლამენტმა„ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.