რისთვის იბრძვიან აფხაზები?

გიორგი ხასაია

უკვე მეორედ, ნახევარი წლის განმავლობაში, აფხაზების პროტესტი შეუვალია და უარს ამბობენ, მიიღონ შეთანხმება რუსეთთან, რომელიც მათ ინტერესს  არ ითვალისწინებს,  უქმნის რა ეგზისტენციალურ რისკებს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ უსაფრთხოებას

30 ოქტომბერს, მოსკოვში ჩასულმა აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერაშეთანხმებას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“, ხოლო უკან დაბრუნებულმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ არცერთ შესწორებას და ინიციატივას, რომელიც აფხაზი დეპუტატებისგან მოდიოდა

შეთანხმება ითვალისწინებს რუსული კომპანიებისთვის ინვესტიციების განხორციელებას სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ტურიზმში

შეთანხმების დოკუმენტში არის პუნქტები, რომლებიც ერთდროულად აღელვებს აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა ფენას.

გამორჩეულად პრობლემურია შეთანხმების 5- პუნქტი, რომლის თანახმადაც აფხაზური მხარე ვალდებულია ინვესტორებს გადასცეს მიწის ნაკვეთები პროექტების განხორციელებისთვის და დაიცვას მათი საკუთრების უფლება ამ ობიექტებზე. აფხაზებისთვის მიწის საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე ადრეც ვამბობდით და ისევ ღირს თქმა, რომ აფხაზეთში მიწის გაყიდვა კონსტიტუციით იკრძალება. ამის მიუხედავად, მიწა მაინც იყიდება, ოღონდ დაახლოებით ისე, როგორც სსრკ დროსძირითადად საკუთარი სახლები მიწის ნაკვეთებით. ერთი სიტყვით, მიწის შავი ბაზარი არსებობს და აფხაზეთში ეს ყველამ იცის, მაგრამ საქმე მასშტაბშია: თუ აფხაზების დიდი ნაწილისთვის მიწის შავი ბაზარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს კატასტროფას, მიწის მასიურად გაყიდვის, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთების გაყიდვა კატასტროფის მომასწავებელია. მიწის დაკარგვა ფეხქვეშ მიწის გამოცლასდამოუკიდებლად ცხოვრების პოლიტიკური მისწრაფების სამუდამოდ გაჩერებას ნიშნავს

მე-5 პუნქტი განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანია, ფიქრობს აფხაზი ჟურნალისტი ხატია ხასაია

ხელშეკრულების სხვა პუნქტებზე: 

რუსეთიდან მომავალი ერთი ინვესტიციის მოცულობა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 2 მილიარდ რუბლს. მაშინ, როცა აფხაზეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მაგ. 2024 წელს 12 097 მილიარდი რუბლია. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთში ინვესტიციებს განახორციელებენ ბიზნესები, რომელთა აქტივების მოცულობა ბიუჯეტის 25% იქნება.  

აგრეთვე: რუსი ინვესტორები იღებენ შესაძლებლობას, შემოიყვანონ მუშახელი და თავად დაადგინონ მათი რაოდენობის განმსაზღვრელი კვოტები

აგრეთვე: რუსი ინვესტორები გათავისუფლდებიან სამშენებლო მასალის გადასახადებისგან და ასევე ქონების გადასახადისგან ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველა ზემოჩამოთვლილ აქტივობასთან დაკავშირებული ფინასური ოპერაცია უნდა განხორციელდეს სპეციალურად შექმნილ რუსულ ბანკებში. როგორც აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ამბობს, ” ფულისთვის ხელის მოკიდების საშუალებასაც კი არ მოგვცემენ“. 

ხაშიგი აღნიშნავს ერთ საინტერესო გარემოებას: ამ ხელშეკრულების ირგვლივ არსებულ დისკუსიებში მონაწილეობდნენ რუსული კომპანია მანტერა გრუპის სპეციალისტები. მანტერა გრუპი აფხაზეთის მეზობელი მხარის, კრასნოდარის ყოფილ გუბერნატორ ტკაჩევთან ასოცირებული კომპანიაა, რომელიც ლენინგრადის ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიაში და ვლადივოსტოკში დაკავებულია ტურისტული და აგრარული ბიზნესით. ხაშიგის თქმით, ტკაჩევის ბიზნესი ფლობს იმაზე მეტ მიწას რუსეთში, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაა

რუსეთი ერთბაშად უარს ამბობს თამაშის ძველ წესებზე, რაც პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ აფხაზეთის  ბიუჯეტის დოტაციას გულისხმობდა და უკომპრომისოდ ცდილობს ახალი წესების თავს მოხვევას, რომელიც ითვალისწინებს ფორსირებულ ფართომასშტაბიან ინვესტიციებს რუსული კაპიტალებისთვის ყველა მეტნაკლებად საინტერესო სექტორში. თუ აქამდე აფხაზური ბიუჯეტი იყო დოტაციური, ახლა, აფხაზი ეკონომისტის სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, აფხაზეთს ავალებენ რუსული ბიზნესის დოტაციას

აფხაზი საზოგადოების ნაწილი ქუჩაშია და ბჟანიას გადადგომას ითხოვს. იმის მიუხედავად, ბჟანია გადადგება თუ არა, ეს პროცესი ცხადია, არ გაჩერდება და რამდენიმე თვეში ალბათ კვლავ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს აფხაზეთის რესურსების ათვისების მიმართულებით. რუსეთი ჩქარობს აფხაზეთის ყიდვას, რომლის ნაწილსაც აფხაზების ნაწილის აზრით, ქართველებზე გადასაყიდად ამზადებს

ეწინააღმდეგება რა ეკონომიკური კოლონიზაციის გეგმას,  აფხაზების პროტესტი სტიქიურად ანტიკაპიტალისტურია, და რადგან მთავარი ინვესტორი რუსეთია, ეს წინააღმდეგობა ირიბად ანტირუსულიც არის, იმის მიუხედავად, რომ აქციებზე აფხაზურთან ერთად ალაგალაგ რუსული დროშაც ფრიალებს. ანტირუსულობას აფხაზეთში თავისი ლიმიტები აქვს და ამ ეტაპისთვის სავარაუდოდ რუსებისგან არსებობის უკეთესი პირობების გამობრძოლებით შემოიფარგლება. ამასთან ერთად, 30 წლის მანძილზე ეს არის პირველი ამ მასშტაბის შემთხვევა, როცა აფხაზები მკაფიოდ ხედავენ მათი ეროვნული ინტერესების კონფლიქტს რუსულ ინტერესებთან. 

მაგრამ აფხაზური პროტესტის ირიბი ანტირუსულობა პროქართულობას არ ნიშნავსასეთი განწყობის მიზეზი ქართულ სახელმწიფოს აფხაზებისთვის არ მიუცია.