ქურდოვანიძე: იმ მუხლებს, რომლითაც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა შეხებოდა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ წესით იმ მუხლებს, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელები სასჯელს იხდიდნენ, „წესით ამნისტია არ უნდა შეხებოდა”.

„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ადვოკატ სერგი ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

ბრალდებულები დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი, გია გიგუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ „სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ”.

„იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.

ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან”. – აცხადებს საია-ს თავმჯდომარე.

პარლამენტმა ამნისტიის კანონი 17 ოქტომბერს მიიღო. კანონი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ უნდა შეეხოს.


TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს პროფესიული მოვალების შესრულებისას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

11 ივლისს ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ექსპერტიზის ბიურო მისი გარდაცვალების მიზეზად  ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობას მიიჩნევს.

პარლამენტმა„ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.