ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ მოითხოვა წნელისთან საგუშაგოს აღება

პუბლიკა

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 19 ნოემბერს გამართული შეხვედრის ფარგლებში დააყენეს „სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისის ტერიტორიიდან ქართული პოლიციის უკანონო პოსტის აღების საკითხი”.

ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, IPRM-ში „სამხრეთ ოსეთის” დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა.

„ეს საკითხი ყოველ ჯერზე დგას დღის წესრიგში, ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ რთულია. საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ აძლევს ამ საკითხის გადაწყვეტის საშუალებას”. – თქვა ეგორ კოჩიევმა.

წნელისი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი უისტას უწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც წნელისს ესაზღვრება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საგუშაგო განათავსა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. სუს-მა ეს ქმედება პროვოკაციად შეაფასა.

2019 წლის 29 აგვისტოს საოკუოაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა, ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოსთხოვა და ულტიმატუმი წარადგინა, რომ თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე “სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ”.

30 აგვისტოს ბიბილოვის ხელისუფლებამ წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა. რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორი ჩაკეტა, ჩორჩანის ტყეში კი ოკუპირებული წნელისიდან ე.წ უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყეში გზა გაიყვანა და იქ ორი საგუშაგო მოაწყო.

ერგნეთში 19 ნოემბერს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 122-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ტარდება, რომელიც, თავის მხრივ, 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა – მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, 29 ნოემბრის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა იყო საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხი.

IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2025 წლის თებერვლის დასაწყისში დაიგეგმა.