მოქალაქე ლიზი თირქია, რომელიც 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, „ფეისბუქზე” წერს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „აქციაზე თავს 5 პოლიციელს დაესხა, გაიქცა და იმალება”.
„მათ ენაზე „პაბეგში“ ვარ“. – წერს თირქია.
„დამიბარეს გამოძიებაზე, რომ გაარკვიონ საერთოდ რა მოხდა. ახლა მივდივარ საგამოძიებო სამსახურში”. – უთხრა „პუბლიკას“ თირქიამ.
19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მათ შორის, იძალადა ჟურნალისტებზე, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს იღებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა 16 ადამიანი. მათგან 3 ხელწერილით იმავე დღეს გათავისუფლდა. ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 21 ნოემბერს დატოვა.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან ერთ-ერთი, 21 წლის მათე დევიძე კი ახლა სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. უწყების განცხადებით, მან „19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს, კერძოდ, თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა”.