სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირებაზე მოთხოვნა დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ – სადიგოვი რამდენიმე კვირაა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა.
სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს კი მოსამართლემ მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ციხეში დარჩება.
შსს-ს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის საქმეზეა ძებნილი და ის ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.
დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.