მედიაკოალიცია: ჟურნალისტების წინააღმდეგ ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდები იყო გამოყენებული

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას ეხმაურება და წერს, რომ „სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად”.

მათივე შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ „ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი” მეთოდები იყო გამოყენებული.

კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელით მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სისტემური ძალადობის აქტი. რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებდა. პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას ძალოვნებმა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორების წინააღმდეგ დამსჯელობითი ოპერაცია განახორციელეს – დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა მედიის  30-ზე მეტ წარმომადგენელს. შემთხვევათა სია მზარდია.

სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჟურნალისტების ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავებისა და მათი პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება/წართმევის შემთხვევები, რომლის მიზანია მედიის მუშაობის შეგნებულად შეფერხება.

ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდები იყო გამოყენებული ჟურნალისტების წინააღმდეგ, რასაც ცალკეული მაგალითები ნათლად აჩვენებს:

  • „პუბლიკას” ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავება და ცემა, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურად აცხადებდა თავის ვინაობას;
  • „ფორმულას” ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმა პირდაპირი ეთერის დროს, რის შედეგადაც მან თავის არეში  მძიმე დაზიანება მიიღო;
  • „TV პირველის” ხუთი თანამშრომლის დაშავება, მათ შორის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა

დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან წარმომადგენლები შემდეგი მედიასაშუალებებიდან:

  • პუბლიკა
  • ფორმულა
  • TV პირველი
  • აჭარის ტელევიზია
  • ნეტგაზეთი
  • OC Media
  • JAMnews
  • პროექტი 64
  • მთავარი არხი
  • რადიო თავისუფლება
  • სტუდია მონიტორი
  • მედია აპრილი

ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მედიას, არამედ – საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც აქვს უფლება, ინფორმირებული იყოს მიმდინარე მოვლენების შესახებ

კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცველებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

უწყების განცხადებით, აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, აქციაზე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.