HRW: ევროკავშირმა რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა

პუბლიკა

ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ევროკავშირს მოუწოდებს, გაამკაცროს ზომები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა“.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ.

ასევე, ევროკავშირის მინისტრებმა სანქციები უნდა დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი.

ქვეყნის მასშტაბით, ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე. ეს გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მიზანს. ის ასევე არღვევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-ის ნებას. […]”, – ნათქვამია განცხადებაში.

Human Rights Watch აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დამოუკიდებლად, ევროპის საბჭოსა და გაეროს ექსპერტების დახმარებით უნდა გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა, დასაჯოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და ასევე, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ხელისუფლების  წარმომადგენლებს.

„ევროკავშირი გმობს ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებს, მაგრამ დროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის. ევროკავშირმა დამოუკიდებლად, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების მიერ უნდა გამოიძიოს არჩევნების შემდგომი ძალადობა და გამოიკვლიოს ძალის უკანონო გამოყენების, თვითნებური დაკავების და არასათანადო მოპყრობისა და წამების მტკიცებულებები.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ, რათა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი გამოიყენონ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემონსტრანტების ცემასა და მათ წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე.

ასევე, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის შენგენის სავიზო მოთხოვნების შემოღება უნდა განიხილოს. ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებული მხარდაჭერის პარალელურად უნდა დაწესდეს.

საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა არ მოხდეს საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.