ნაბიჯი მარცხნივ

გიორგი ხასაია

გაქვთ ასეთი დაკვირვება, რომ ქოცებსაც და ნაცებსაც (აქ ყოველთვის ვგულისხმობ მოლაპარაკე თავებს და არა ამომრჩეველს) უნდათ, რომ მიმდინარე მოვლენებს მაიდანი დაერქვას?

ოცნება იმიჯურად აჩვენებს,  რომ ეს მაიდანია.  აი ნახეთ, ამბობს ოცნება, ყველაფერი მაიდანს გავს- ქორწილი, პროფესიული მარშები,  ცხელი საჭმელი – შეხედეთ, როგორ გავს, ფაქტიურად იგივეაო. გარეგნულ ატრიბუტებზე ჩაჭერით ამტკიცებს, რომ ეს მაიდანია. მაიდნის შინაარსზე ნაკლები ლაპარაკია, მხოლოდ იმიჯები. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს – ეს იმიჯები მაიდნის დროს არ შექმნილა, ისინი მაიდნამდელ პროტესტებში იბადებოდა, ესპანეთიდან (ინდიგნადოს) ეგვიპტემდე (ტაჰრირის პროტესტი). არაფერი სპეციფიურად მაიდნური ამ იმიჯებში არ არის და ისინი ნასესხებია. მაგრამ ეს  ბლაგვი პროპაგანდა ნაწილობრივ  მაინც მუშაობს  – ერთი მხრივ, საკუთარი ამომრჩევლების და საჯარო მოხელეების  დასაზაფრად და მეორე მხრივ პროტესტის დისკრედიტაციისთვის, კონსერვატულად განწყობილ გულებსა და გონებაში.  მაიდნის ხსენებას ავტომატურად  ებმის ომის სურათები, ომის შიშის გამოსაძახებლად.

მუშაობს კიდევ იმიტომ, რომ ოპოზიციური ტელევიზიების და ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ამას იშნობს და  ადასტურებს (ძირითადად ნაცები), კი, ეს მაიდანიაო. რითიც  ამ პროპაგანდისტულ ნარატივს აძლიერებს. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია. შეიძლება გონიათ, რომ მაიდანი, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში კეთილსაიმედო მოვლენად არის ჩაწერილი.

გამოდის, რომ ორივესთვის მომგებიანია, რომ პროტესტი მაიდნად იყოს აღქმული. რაზეც ქოცები და ნაცები თანხმდებიან, უკვე საეჭვოა და როგორც წესი ხალხის სასიკეთოდ არ მუშაობს. მათი შეხვედრის (და დამთხვევის) ადგილები როგორც წესი, ანტისახალხოა.

ოპოზიცია უკვე ეჭვიანობს პროტესტზე, რომელიც გულგრილია მათ მიმართ. პროტესტში მყოფმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ ოპოზიცია მათ არ წარმოადგენს. ვეღარ წარმოადგენს. ამიტომ ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისია- ირონია, აგრესია, ხითხითი.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პროტესტი ჯერ სოციალურ განზომილებას ვერ იძენს, სოციალური განზომილების მიმართ არ არის გამოკვეთილად მგრძნობიარე.   შეიძლება იმიტომ, რომ საშუალო კლასის კოლექტიური გონი მართავს, რომლისთვისაც სოციალური მოთხოვნები კლასობრივად ანტაგონისტურია. ლიბერალური აზრი ცდილობს პროტესტზე დომინირებას და ამიტომ  ნაკლებად ისმის სოციალური უკმაყოფილება.  ისიც მაშინ, როცა სატელევიზიო კამერა შემთხვევით მიადგება დაქირავებით მომუშავე ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ევროპა მისთვის კეთილდღეობას ნიშნავს. 

იმის მიუხედავად, რომ  პროტესტის შემადგენლობა ჭრელია და ურბანული ქვედა საშუალო კლასი, ისევე როგორც დაქირავებული შრომის ხალხი და დაბალი კლასების სტუდენტები მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, სოციალური უკმაყოფილების პოლიტიკურთან დაწყვილება  პროტესტისთვის აუცილებლობად კი არ არის აღქმული, არამედ ურთიერთგამომრიცხავად. 

 სინამდვილეში პირიქითაა – სოციალური განზომილების არქონა უშლის ხელს პროტესტის გაფართოვებას და მასში მეტი ადამიანის ჩართვას. 

სოციალური უკმაყოფილების არქონა  პროტესტთან აუცხოვებს ორჭოფ, დაბნეულ და მაიდნით შეშინებულ თანამოქალაქეებს.  

პარადოქსს გავს, მაგრამ ასეა:  პირველ რიგში სწორედ ის, რომ სოციალური უკმაყოფილება დახშულია და მას გასაქანი არ ეძლევა, ერთადერთია, რამ ამ პროტესტს მაიდანს ამსგავსებს.   

მაგრამ პროცესი გრძელდება.

…რომელმაც, სასურველი შედეგებისთვის თავი უნდა დააღწიოს ნებისმიერ შანტაჟს იმაზე, რომ სოციალური უკმაყოფილების გამოხტვა ხელს შეუშლის პროტესტს და გაბედოს ნაბიჯის გადადგმა მარცხნივ.