გაფიცვა - ეკონომიკური და პოლიტიკური

გიორგი ხასაია

ახლა საქართველოში გაფიცვაზე იმდენს ლაპარაკობენ, რამდენიც არასდროს ულაპარაკიათგაფიცვა გახდა პოლიტიკური ცვლილებების მთავარი იმედი

ამას თავისი მიზეზი აქვს:

ხალხმრავალი აქციების ლიმიტები უკვე გაზაფხულზე გამოჩნდაშეიძლება ათობით ათასი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ სასურველი პოლიტიკური შედეგი არ დადგეს. ოცნება რაოდენობას არ ითვალისწინებს, თუ ეს რაოდენობა არაფერს აჩერებსარც საქონლის, არც ტრანსპორტის, არც ფულის და მომსახურების, არც ადამიანების მნიშვნელოვან ნაკადებს

გაჩერება  შეუძლია გაფიცვას.

ამიტომ, თუ გაზაფხულზე გაფიცვის იდეა ჯერ კიდევ არ იყო პროტესტში ინტეგრირებული, უკვე შემოდგომაზე გაფიცვა ყველაზე ხშირად ხმარებადი სიტყვა გახდა.

გაფიცვისკენ მოწოდების მთავარი ადრესატი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები არიან: საჯარო მოხელეები, ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულები, მასწავლებლები და .. თუმცა, ჯერჯერობით ჩანს, რომ  თეატრის სფეროს გამოკლებით, ამ მოწოდებებს ფართო გამოხმაურება არ აქვს. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?

გაფიცვა თავისი ისტორიული და პრაქტიკული მნიშვნელობით, ეს არის დასაქმებულების მხრიდან შრომაზე კოლექტიურად უარის თქმა, რომელიც აჩერებს წარმოების, მიწოდების, ან მოხმარების პროცესს (ან სამივეს ერთად), აჩერებს მომსახურების, ტრანსპორტის და სხვა ნაკადებს და ქმნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ  კრიზისს

სწორედ გაჩერება და მისი გავლით შექმნილი კრიზისი, მშრომელებს აძლევს ბერკეტს (თუ ვინმეს უფრო მოეწონება, დასაქმებულებს), აიძულოს დამსაქმებელი, ან სახელმწიფო, მიიღოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება

მაგ. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა, თუ ის იმდენ ხანს გრძელდება, რომ კომპანია მოგებას კარგავს, აიძულებს ამ კომპანიას, დათმობებზე წავიდეს

მაგ. თუ სახელმწიფო ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან, რაც შეაჩერებს მგზავრთა ნაკადებს, ქალაქში იქმნება კრიზისი, უკმაყოფილება გადაიღვრება უბრალო მოქალაქეებზეც და გაფიცულებს ეძლევათ შესაძლებლობა, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება აიძულონ, მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება.

ახლა რატომ არ ხდება ფართომასშტაბიანი გაფიცვები, რომლებიც კრიზისს შექმნიდა?

ერთი მიზეზი უდავოდ არის ის, რომ გაფიცვისკენ მოწოდება რჩება მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნის ფარგლებში და არ უწყვილდება ეკონომიკურ მოთხოვნებს. მეტიც, ეკონომიკური მოთხოვნები პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ხელის შემშლელად განიხილება. ალბათ, აქ იმალება მთავარი შეცდომა: კეთილდღეობა ევროინტეგრაციის პროცესის გარდაუვალ გვერდით ეფექტად მიიჩნევაევროინტეგრაციის გაგრძელება თავისთავად მოიტანს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ამიტომ სოციალური მოთხოვნების ახლა დაყენება ხელს შეუშლის პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ეს შეცდომა მხოლოდ დისკურსული არ არის, პრაქტიკულიცაა და სწორედ ეს შეცდომაა გაფიცვაში თუ პროტესტში მეტი ადამიანის ჩართვის შემაფერხებელიც

მაგრამ  ეკონომიკური მოთხოვნების გარეშე, ანუ ცხოვრების დონის გაუმჯებესების პერსპექტივის გარეშე, მშრომელებისთვის აბსტრაქტული და ნაკლებად ხელშესახებია საერთო საქმისთვის ბრძოლა. ადამიანთა მასები პროტესტში ერთვებიან და მასში ენერგიულად მონაწილეობენ მაშინ და ძირითადად მაშინ, როცა უშუალოდ  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივას მკაფიოდ ხედავენ. ეს პერსპექტივა აჩენს პოლიტიკურ და მორალურ ენთუზიაზმს

როცა დასაქმებულები მხოლოდ საკუთარ სამუშაო ადგილზე და მხოლოდ საკუთარი შრომის პირობების გაუმჯობესებაზე ფოკუსირდებიან, ეს ეკონომიზმია და ის ზიანს აყენებს მშრომელების საერთო ინტერესების გაუმჯობესებას

მაგრამ კიდევ უარესია, როცა დასაქმებულებს მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნებით გაფიცვისკენ მოუწოდებენ, ისე, რომ ეკონომიკური მოთხოვნები უნდა გამოირიცხოს

პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაფიცვებმა ძალა ერთმანეთში უნდა მონახონ. მათი კავშირის გარეშე ნამდვილი, საერთო პროგრესის მიღწევა გაჭირდება.