გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, წერს, რომ სამსახურიდან საქართველოს უსინათლოთა კავშირის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე ჟღენტის წერილის/რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.
26 დეკემბერს გიგა სოფრომაძემ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა.
მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი. გათავისუფლების ბრძანებას ხელი კახა კალაძემ მოაწერა.
დღეს, 30 დეკემბერს გიგა სოფრომაძემ კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითც, კონსტანტინე ჟღენტი კახა კალაძეს მიმართავს სოფრომაძის გათავისუფლების „რეკომენდაციით”, ვინაიდან გიგა სოფრომაძის „ქმედებები თუ უმოქმედობა, მისი გამონათქვამები და ცილისმწამებლური განცხადებები შშმ პირთა უმრავლესობის აღშფოთებას იწვევს”.
„საკითხი ეხება თქვენს მიერ გაცხადებულ თბილისის მერიაში გაჯანსაღების მიზნით ჩასატარებელ საჯარო მოსამსახურეთა რეორგანიზაციის პროცესს. რომლის ფარგლებშიც, მიზანშეწონილია რომ აუცილებლად ჩართოთ თანამდებობები, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შშმ პირებს. […]
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ გიგა სოფრომაძე, ნაცვლად იმისა, რომ გამოირჩეოდეს შშმ პირთა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იგი უგულებელყოფს მათ საჭიროებებსა და პირიქით, ცდილობს იმოქმედოს შშმ პირთა ინტერესების საზიანოდ. […]
აქვე აღვნიშნავთ, რომ შშმ პირის სტატუსი არ გახლავთ ჯავშანი იმისა, რომ ერთი და იგივე პირი მუდმივად იკავებდეს თანამდებობას. შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მერიის რეორგანიზაციის პროცესში საკონკურსო თანამდებობების ნუსხაში ჩართოთ ყველა ის თანამდებობა, რომლებიც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
პ.ს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ შშმ თემში არსებობს არაერთი ეთიკური და კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ შანსის მიცემას. ბატონო კახი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული რეკომენდაცია”. – ნათქვამია კონსტანტინე ჟღენტის წერილში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის, გიგა სოფრომაძის გათავისუფლებაზე განცხადება მომდევნო დღეს, 27 დეკემბერს გააკეთა.
კალაძის თქმით, სოფრომაძე პოლიტიკური ნიშნით არ განთავისუფლებულა.
„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის იყო ხელშეკრულებით. ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე და დღეს ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არც იყო. ხელშეკრულება დასრულებულია და ახლის გაგრძელების საჭიროება არ იყო დღის წესრიგში”. – თქვა კახა კალაძემ 27 დეკემბერს.
გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე „ოცნებას“ რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა.
მერიის თანამშრომლების კრიტიკული განცხადებების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა. ამ კონტექსტში ახსენა კალაძემ რეორგანიზაციაც.