„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძის პროცესი დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
18 ივნისს მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იმავე დღეს გამოაცხადებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევა ედება, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ვაშაძის წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა. აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვის წარმოთქმამდე ვაშაძემ და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა.
სხდომაზე დაიკითხნენ: საქმის გამომძიებელი, პარლამენტის აპარატის თანამშრომელი ნინო ჭიპაშვილი, ფოსტის თანამშრომელი, რომელსაც პარლამენტიდან ვაშაძისთვის წერილების 4 მისამართზე მიტანა დაევალა.
გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დაბარების ოქმი მისთვის არ გაუგზავნიათ.
მან მოსამართლესაც მიმართა:
„რა თქმა უნდა, საუბარს აზრი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ; ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ აქ იმიტომ კი არ ვარ, რომ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი, არამედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა გარკვეულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, არის არალეგიტიმური და უნდა, რომ მისი ოპონენტები გაუშვას ციხეში, ჰყავდეს სისხლის სამართლის პასუხისგების ქვეშ, სასამართლო გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ახალგაზრდა ხალხი ჩასვას ციხეში.
როგორ შეიძლება, რომ მსახიობები, ექიმები, სტუდენტები ციხეში ისხდნენ? რისთვის – პროტესტზე რომ გამოვიდა და იცავს საკუთარი ქვეყნის უფლებებს. ან კიდევ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იყოს ციხეში, რატომ არის ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში, რა, მიუვარდება დგებუაძეს და მეორე ლოყაში გაარტყამს ხელს?“, – განაცხადა ვაშაძემ, რომელმაც მოსამართლე გალუსტაშვილს მათე დევიძის გამამტყუნებელი განაჩენი შეახსენა და თქვა, რომ მოსამართლემ ყველაფერში თანამონაწილეობა ამ განაჩენით აჩვენა.
„თქვენ ამ ყველაფრის თანამონაწილე რომ ხართ მათე დევიძის საქმეზე აჩვენებთ, ახლა ჩემსაზე აჩვენებთ, კიდევ სხვა საქმეები გაქვთ, რაღაც შეწირულივით ხართ ამ პოლიტიკურ საქმეებზე და რა ვიცი, რისთვის, რატომ“, – თქვა ვაშაძემ.