შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. შსს ამბობს, რომ თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. შსს აცხადებს, რომ ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
შსს-ს ცნობით, ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
„დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.
დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები“, – აცხადებს შსს.
უწყება ამბობს, რომ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა.
შსს-ს განცხადებით, ძებნილი პირების ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც საქართველოს რამდენიმე უწყებასთან ერთად ჩართული იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.