2025 წლის 3 სექტემბერს აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს.
გთავაზობთ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვას:
„მუხლის გადაკვალიფიცირებით რაღაც შეიცვალა, ორგანიზებული დანაშაული თუ რაღაც, ვერ გავიგე, მაგრამ წლები მოაკლეს ბიჭებს და Მე ვარ კეთილი ადამიანი ზოგადად, მაგრამ ანდრო ჩემზე კეთილია და ესე თქვა, რომ ვაჟა [თოდუა, პროკურორი] რომ შემხვდეს ქუჩაშიო, ძაან დიდ სიკეთეს გავუკეთებ და ეგრე გადავუხდი სამაგიეროსო… Ჰოდა მე პიროვნულად ჩემთან მიმართებაში რაც დააშავეთ, მეც მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად….
Ამ ქვეყანაში იცვლება მთავრობები, საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ ძღება იმიტომ რომ ვიღაცეები არ ისჯებიან, შეიცვალა მთვრობა დაიჭირეს 3 პოლიტიკოსი და თქვენნაირები ადამიანები გარეთ რჩებიან და მერე თქვენნაირი სხვა ადამიანები ან იგივე ადამიანები აი ამ სასამართლოს თავში მურუსიძე-ჩინჩალაძე სხედან, აკეთებენ იმავეს.
აქ დარბაზში ზის დედაჩემი. დაახლოებით, იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე მე და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ?
…ახლა ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ იმის იმედი მაქვს, რომ გამიშვებთ ან რაღაც. ის, რა განაჩენიც გამოიტანეს გუშინ [8 პირზე] ან თუნდაც მათე დევიძის განაჩენიდან, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არ მინდა, ვინმეზე ადრე დავტოვო ციხე. მინდა, ყველა ერთად და ყველა მალე გავიდეთ აქედან.
მაგრამ მაინც მინდა მოგიყვეთ, როგორი ადამიანია დედაჩემი – ერთადერთხელ გამაგდეს სკოლაში 12 წლის განმავლობაში გაკვეთილიდან და დედაჩემმა გამაგდო, ოღონდ მე არაფერ შუაში ვიყავი, მე და ჩემს ძმაკაცს გვითხრა, ორივე გადით გარეთო.
სახლში როცა ვკითხე, მე რა შუაში ვიყავი-მეთქი, როცა გავუბრაზდი მე რატომ გამაგდე-მეთქი და მარტო იმას ვერ გავაგდებდიო. ადამიანი არ დაჩაგრა, ჩაგვრას ვერ იტანს… ასეთი ოჯახის, ასეთი დედების გაზრდილები არიან ყველა აქ. მინდა, გესმოდეთ, როგორი ადამიანები სხედან აქ…
…ვისურვებდი, ჩემი თვალით შეგახედათ, რა აბსურდში გვაცხოვრეთ ეს პერიოდი. ისიც მინდოდა, მეთქვა, არ მახსოვდა უბრალოდ, ვისი ხუმრობა იყო და რეზო კიკნაძის ყოფილა, ერთადერთი კომიკური დასასრული ამას შეიძლება ჰქონოდა ბაკურ სვანიძის თაიგულით შემოსვლა და გაიღიმეთ ფარული კამერააო. სულ რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს, მაინც აბსურდია, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ? ერთხელ, სანამ აქ მოვიდოდით, ქვემოთ მოსაცდელ საკანში ბიჭებს ვეუბნებოდი, აუ, რა მაგარია, ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ამ ფრაზას ვიტყოდი. რაში ვიცხოვრეთ, რა დღეში ვართ…
ყველაზე მეტად რატომ არის ეს აბსურდი – პროკურორებს არასდროს არ უსაუბრიათ მოტივზე. დავუშვათ, რომ მაგალითად, ჩვენ ვაპირებდით ხელისუფლების გადატრიალებას. მერე რა ხდება? ვთქვათ, შევასრულეთ, წარმოიდგინეთ, მსახიობი, იუმორისტი ექიმი, სტუდენტი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად. მერე რა ხდება? ჩემი ინტერესი, ჩემი მოტივაცია რა იყო, ამაზე ხომ უნდა ვისაუბროთ?!
მე თქვენსავით არც პატარა კაცი ვარ და არც დიდკაცობას ვცდილობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რასაც უნდა მივაღწიო, ვიქნები ჩვეულებრივი ადამიანი.
მიყვარს ხალხი, ადამიანები და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება არ მაქვს…
ჩემი მიზანია, მივაღწიო იმდენს, რომ ადამიანის ცხოვრება გავხადო უკეთესი, ოღონდ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ არასდროს.
არც ახლა მგონია, რომ განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ სადაც დღეს ვარ, პროცესებს არ ვგულისხმობ, როცა მივაგენი ჩემს საქმეს, მივხვდი, რომ იქ ვარ, სადაც ყოფნა მინდოდა, წარმოიდგინეთ რამდენს სჭირდება თავისი თავი იპოვოს და ვცდილობ, ცოდნა, რაც გამაჩნია, სხვებს გავუზიარო და დავეხმაროო… იცით, ბავშვები რეგიონებში, მათ შორის, ჩემს ქალაქში, თერჯოლაში, რაზე დაობდნენ? ამის „მერსედესი“ გაასწრებს თუ იმის BMW? ეს ტრაგედიაა, მერე ჩამოდიან თბილისში და სხვა რეალობას ეჯახებიან და მერე იცვლებიან ადამიანები. ამას ვცდილობდი, ესაა ჩემი მოტივაცია, სხვა მოტივაცია არ მქონია არასდროს…
მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის.
ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია. კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამერდ არც ერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები, დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე, იქამდე ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით. ასეთი პირობებში კი, ბატონო მოსამართლევ, ეს ბრალდება მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით.
მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით, ვცდილობთ, რომ შევკრებულიყავით და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს? გარდა ამ ყველაფრისა, ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული.
მიუხედავად იმისა, რომ აქ მოწმედ იყო მოსული რამდენიმე პოლიციელი, მერიის თანამშრომელი, პარლამენტის თანამშრომელი, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ დააზარალა აქ მყოფმა რომელიმე ბრალდებულმა. ისინი ამბობდნენ – არ დამინახავს, არ ვიცი და ა.შ. და საერთოდ აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით.
მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები… იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფები. იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ.
რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი.
ამ ორიდან კი ერთი სწორი, მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს – რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ.
ახლა გადავალ ჩემი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილზე, რომელიც იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ მია დავარქვი. გოგოა. მია ანუ მადლობა იდეალურ ადვოკატებს.
ეს ნაწილი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვეცადე მასში რამდენიმე ემოცია გამომეხატა, მინდა, რომ გთხოვოთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი ემოციისგან. არ იფიქროთ, რომ მგონია, რომ რამე სასაცილოა…
პირველ რიგში, მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. მადლობა მინდა ვუთხრა ლაშას, ადვოკატებს, საზოგადოებრივ ადვოკატებს იმისთვის რომ ხართ ღირსეული ადამიანები და მოიქეცით ისე როგორც მოიქეცით.
არ მეშინია არაფრის რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს… აქვე მადლობა ადვოკატებს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსენით ფარდა ამ სასამართლოს.
ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაწირავდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან.
ამაზე მეტყველებს თქვენი სუფთა სტატისტიკაც. ექვსი გამამტყუნებელი [მოსამართლე აწყვეტინებს, რომ საქმეზე ისაუბროს] თქვენ გამოიტანეთ განაჩენები, რომელიც ამ საქმეს ეხება, მოლოდინებზე ვსაუბრობ… წინასწარმეტყველი ხართ, მე რას ვიტყვი?
თუ მართალი არ ვარ მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, გია ვოლსკსის – არ მაინტერსებთ რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებებიო. უთხარით, ეს ხმამაღლაც და გამამრთლებელი გადაწყვეტილებითაც…
ხარებაა ასეთი პიროვნება, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც აქციაზე ფეხს ურტყამდა და აქციის მონაწილეები მიჰგვარეს და აშკარად წიხლს ურტყამს. მამუკა მდინარაძემ თქვა, სად ჩანს აქ, რომ წიხსლ ურტყამსო. გადავხედოთ ჩვენს მტკიცებულებებს, ხომ ვსაუბრობთ საქმეზე, ვნახოთ, სად რა ჩანს. ეს, რასაც მედავებით, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
თქვენ ციხეში გაუშვით 3 ახალგაზრდა, დავით ხომერიკი, მათე დევიძე და გიორგი მინდაძე. მინდა, გიორგი მინდაძეზე გავაკეთო აქცენტი, ერთ საკანში ვიყავით და კარგად გავიცანი. ის არის დიდი ტანის მქონე ცელქი ბავშვი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება, რის გაკეთებასაც მოინდომებს და იმის მაგივრად, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს პოვნაში, საკუთარი თავის და შესაძლებლობების პოვნაში, 5 წლით ციხეში უშვებს. ესაა ქვეყნის ტრაგედია.
მზია ამაღლობელის საქმეს მინდა შევეხო, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართული სასამართლოს სახელით და გეხებათ მათ შორის თქვენც.
ამიტომ მე მინდა მოგიყვეთ ისტორია: დაკავებიდან დაახლოებით თვენახევარში გადავწყვიტე დამეწყო შიმშილობა, ოღონდ ამის შესახებ არ მითქვამს არავისთვის. არც ციხის ადმინისტრაციისთვის, არც ოჯახისთვის, არც ადვოკატისთვის.
ვტესტავდი, თუ შევძლებდი. არ მინდოდა პოპულიზმი გამომსვლოდა. ორი-სამი დღის შემდეგ ვიგრძენი საშინელი სისუსტე, თითქოს მთელი სხეული მტკიოდა და გადავწყვიტე ეს არ გამეკეთებინა. ეს ვერ გავაკეთე მე, 29 წლის ბიჭმა. მზია ამაღლობელმა კი იშიმშილა 39 დღე და ადამიანები დასცინიან, რომლებსაც საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის კიდევ რაღაცები აქვთ ჩამატებული, რადგან გაძღომას ვერ გებულობენ.
მონანიებას ითხოვდნენ ის ადამაინები, რომლებიც სკამიდან ვერ დგებიან, ადამიანისგან, რომელიც ერთხელ არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და პროტესტის ნიშნად საათობით იდგა ფეხზე. ამიტომ ყველას მინდა ესეთი რაღაც ვუთხრა, შეიძლება ერთ დღეს დაიბადოს ფეხბურთელი, რომელიც 9 ოქროს ბურთს აიღებს, მაგრამ, იცოდეთ, რომ მზია ამაღლობელზე მაგარი ადამიანი აღარ დაიბადება. ისე კი ის მართლა რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს ირაკლი დგებუაძე გათხოვდეს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ერთი თეთრით მაინც დაგვხმარებია და მადლობა ყველას ვინც აორგანიზებდა ამ მხარდაჭერას… მადლობა ადვოკატებს, რომლებმაც გააშიშვლეს სასამართლო და პროკურატურა…
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი… ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს.
საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი თავში რა დაგეცემა, საშიშია როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ადამიანი ქუჩაში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა…
პროპაგანდისტები ხშირად მაბარალებდნენ, რომ ბავშვები რევოლუციაზე მიმყავდა. კონკრეტული მიზეზების გამო არაფერს ვამბობდი ამაზე, თუმცა ახლა უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის და გეტყვით რაც არის სიმართლე და ეს უკავშირდება უშუალოდ ჩემს პროტესტსაც:
28 ნოემბრის განცხადებამდე ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა…
მეორე იყო ის ამბავი, რომ ისტორიის საგამოცდო მასალებიდან ამოიღეს რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა აჯანყების ფაქტები და ლიტერატურიდან – „ბედნიერი ერი“, „ჯაყოს ხიზნები“, „მგზავრის წერილები“ და სხვა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენი ერის იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია… მაშინ ბავშვებისთვის მინდოდა, მეთქვა, მიუხედავად აღნიშნული ცუდი ფაქტისა, მაინც ესწავლათ ეს ყველაფერი და ვინაიდან მაშინ ვერ შევძელი, ახლა გეტყვით იმავეს. ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა, ისწავლეთ, იკითხეთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას, ნიჭს და თავდაუზოგავ შრომას უნიჭო უსაქმურთა მლიქვნელობა გადაასწრებს. თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდეთ. უფრო მეტად იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ.
ზოგიერთი თქვენგანი გაახდება კარგი იურისტი, ადვოკატი, ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, მსოფლიო დონის ფეხბურთელი, კალათბურთელი… თუმცა რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ხანდახან გადმოდით თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან, ქუჩაში ფეხით გაიარეთ და ნახეთ, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან ჩანს. იქნებ ბევრ ადამიანს უჭირს და ცუდად ცხოვრობს თქვენგან განსხვავებით.
მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ჩემს ამ რჩევას გაითვალისწინებს და მადლობა ადვოკატებს, რომ მსგავსი რჩევა არ დაგჭირდათ. მადლობა მედიას, პრესას, თეატრს, კულტურას. მადლობა ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც იმდენად სუფთად გადიან ღვთისმსახურებას, რომ სიმართლის საუბარი არ უჭირთ და მადლობა ადვოკატებს.
მადლობა პროკურატურასაც ერთადერთი რამისთვის. მადლობა, რომ ეს ადამიანები გამაცანით და კიდევ ერთი მადლობა ადვოკატებს.
აქვე მინდა გითხრათ, იმ შემთხვევაში თუ ამ საქმეზე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირობას გაძლევთ, საკანში დაბრუნებისთანავე დავიწყებ ციხის დეტალურად აღწერას, რათა როცა ამის დრო მოვა, გაგაცნოთ, რომ იცოდეთ რა პირობები დაგხვდებათ იქ.
ოღონდ თქვენ მე არ დაგიჭერთ, თქვენი დაგიჭერთ ქართველი ხალხი, სამართლიანი სასამართლო და თავისუფალი პროკურატურა. მე, პირიქით, ხელს შეგიწყობთ და კარგ ადვოკატებს გირჩევთ. აი, მაგალითად, ბატონი ვაჟა და ბატონი ირაკლი ჩომახაშვილი საოცრად უგებენ ერთმანეთს.
ხოლო რაც შეეხება ბატონ ვახატანგს, ის ძალიან ხშირად იხედება ჭერში და აშკარად ღმერთს ეძებს და იმედი მაქვს მალე იპოვნის, რადგან ბატონ ვახტანგს მხოლოდ ღმერთი თუ დაიცავს.
ღმერთი ვახსენე და არ შემიძლია არ ვთქვა, მადლობა ღმერთს, რომ არსებობთ თქვენ და მადლობა ადვოკატებს, რომ გვწამს ღმერთის, რადგან თქვენ ყველანაირად დაამტკიცეთ ჩვენი სიმართლე. მაგრამ ყველა ერთად, ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები.
ირაკლი რარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას 7 მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. მე უკვე 8 მადლობა გადავუხადე ადვოკატებს, თუმცა მინდა დავამრგვალო და კიდევ ორ მადლობას გადავუხდი ადვოკატებს. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს. ეს 12 გამოვიდა, ამიტომ ბარემ ოცამდე ავიყვან. მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს… მადლობა ადვოკატებს.
მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი ახობაძეს, თედო აბრამოვს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ კაციას… სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ინსაფ ალიევს, ვეფხია კასრაძეს, გიორგი ოკმელაშვილს, მათე დევიძეს, გიორგი მინდაძეს, დავით ხომერიკს, ანატოლი გიგაურს, ანტონ ჩეჩინს, საბა ჯიქიას და ყველა სინდისის პატიმარს. სოლიდარობა და თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკოსს.
და ბოლოს, მინდა დავასრულო ჩემს ხელს არსებული ძალიან სანდო და სასიხარულო ინფორმაციით. გავიგე, რომ იმ შემთხვევაში თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან. ამიტომ, ბატონო ვაჟა, ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს“, – თქვა ონისე ცხადაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას და 11-ივე პირს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.