„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ ჰკითხეს.
„მე მგონია, სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. ამოეწურება, როცა იქნება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას, აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს ასე ხდება ხოლმე. მისი დაბარება ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა.
თუ მოუნდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურად კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულებაზე და ა.შ“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ელჩის დაბარების მიზეზებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
„მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს“, – თქვა ფიშერმა ,„ტვ პირველის“ ცნობით, მაშინ, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
პეტერ ფიშერს „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ესხმის თავს.
მათ შორის, ფიშერის მადისკრედიტირებელი განცხადება დღესაც გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„გერმანიის მთავრობას თუ უნდა, რომ ის მათ წარმოადგენდეს, ეს მათი ნებაა და მათი ელჩია. მაგრამ მე რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ შეძლოს საერთო ენის გამონახვა. ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი, ჟურნალისტი თუ „ქართული ოცნების” ამომრჩეველი. ელჩის ამოცანა არის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდი გაემყარებინა და გაეფართოებინა, პირადად მან დაწვა ყველა ხიდი. ამაზე ყველაზე მეტად მე ვწუხვარ“, – თქვა პაპუაშვილმა დღეს.
10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კატეგორიულად უარყოფს და გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს და რომ ის ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს”.
„გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა.
16 სექტემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა წერილი და პეტერ ფიშერს მხარდაჭერა გამოუცხადა.