„ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია“, – განუცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს. გუშინ, 24 სექტემბერს უწყებაში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარეს.
„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის, ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებსაც. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები…“,- ამბობს კობახიძე.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ელჩები ვენის კონვენციის დარღვევაში.
„…ჩვენთან პირდაპირ უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ხშირად მათ შორის იგივე საარჩევნო პროცესებში ჩარევა, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს…
გარდა ამისა გახსოვთ, რომ ელჩები დადიოდნენ სასამართლო პროცესებზე იმისათვის რომ განეხორციელებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც არის ასევე ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები რომლებიც ევროპას წარმოადგენენ“, – ამბობს კობახიძე.
როგორც მოგვიანებით „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, პეტერ ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ქართულმა მხარემ „ვენის კონვენციის“ შეხსენებასთან ერთად, ელჩთან შეშფოთება გამოხატა „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებით.
უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრება.