„კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და თანხას სრულად ართმევდა“ - შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა“.

„ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ.  მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.