სააპელაციომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე სააკაშვილისა და ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მსჯავრდებულების – მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

პირველ ინსტანციაში სააკაშვილს ამ საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

პროცესის შემდეგ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, რომ ითხოვდნენ თემურ ჯანაშიას მუხლი გადაკვალიფიცირებულიყო გაფლანგვაზე და დანიშნოდა მკაცრი სასჯელი. მისი თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ:

„ბრალდების მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, ეს იყო კვალიფიკაციის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ თეიუმრაზ ჯანაშიას ქმედება სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა სამსახორეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ნაცვლად გაფლანგვისა. მიგვაჩნია, რომ მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება იქნებოდა გაფლანგვა და ამგვარი მოლოდინი გვქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში შეიცვლებოდა პირველი ინსტანციის განაჩენი ამ ფორმით, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ გავასაჩივრებთ უკვე მესამე ინსტანციის სასამართლოში ამ კუთხით გადაწყვეტილებას“, – ამბობს პროკურორი.

მან ხაზი გაუსვა, რომ სააპელაციომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც „მიხიელ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ ჩაიდინეს კორუფციული დანაშაული და ის, რომ მათ მიერ სახელმწიფო სახსრები გამოყენებული იყო ფუფუნების საგნად და ამ სახსრებმა შეადგინა 9 მილიონი ლარი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩალაძემ „ფორმულასთან“ თქვა, რომ დაცვის მხარეც გააკეთებს „ფორმალურად რაც საჭიროა“.

„ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში უნდა აღნინოშნოს, რომ არ არის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდება, არამედ ეს არის მისი ისტორიული როლის აღიარება ქვეყნის აღმშენებლობაში“, – თქვა მან.

სასამართლოზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის თქმითაც, ეს პროცესი ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ „როცა გაისმა 4 ოქტომბრისთვის მოწოდება, სასწრაფოდ გადატანილი იქნა 4 ოქტომბრის კვირისთვის, რათა თქვენ პატრონს მისი ჭკუით დაეშინებინა ქუჩაში გამომსვლელი ხალხი“.

„ცინიზმი იმაშია, რომ მრავალ წელს მისჯიან იმისათვის, რაც ჩემი საკონსტიტუციო მოვალეობა იყო – განმეხორციელებინა ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, წარმედგინა ქვეყანა უცხოეთში (მგონი რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გაეროში გამასხარავების შემდეგ ყველაზე დაუნახავიც კი მიხვდა რომ ღირსეულად ვახორციელებდი), მიმეღო სტუმრები. აქ ჩემს დროს ჩამოვიდა ამერიკის 3 პრეზიდენტი (მოქმედი და მომავალი) 2 ვიცე-პრეზიდენტი, 2 სახელმწიფო მდივანი მრავალგზის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები. მათი გამასპინძლების ხარჯები, ისევე როგორც ყველა სხვა ხარჯი, ოფიციალურად იყო დოკუმენტირებული და შესაბამისად, ოლიგარქის პროკურატურის მიერ უადვილესად აღმოსაჩენი იყო. ამ ოფიციალურ დოკუმენტებს პირდაპირ მიაკრეს გაფლანგვის მუხლი და ეს გააკეთა ივანიშვილმა, რომელიც იძახოდა, რომ 19 მილიარდი მქონდა მითვისებული, რომელმაც ღამე საკნიდან მერაბიშვილი გამოიყვანა და შესთავაზა გათავისუფლება ჩემი არარსებული უცხოური ანგარიშების ნომრების გადმოცემის ფასად“, – თქვა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, განზრახული აქვთ ყვარელში მისი „საყვარელი ვენახის“ და იქ მდგომი 70კვ მეტრი სახლის ჩამორთმევა.

„ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში“, – თქვა სააკაშვილმა.