სააკაშვილი და ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმეზე დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

ე.წ პიჯაკების საქმეზე ბრდებულები მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია დამნაშავედ ცნეს.

სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის ბ პუნქტებში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სააკაშვილი საპატიმრო სასჯელს 2021 წლიდან იხდის. მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი. დღევანდელი განაჩენით მას საპატიმრო სასჯელი 3 წლით გაუხანგრძლივდა.

თემურ ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა 300 000-ლარიანი ჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯანაშიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდება სამოხელეო დანაშაულის ბრალდებაში გადაუკვალიფიცირდა, სააკაშვილის ბრალდებას კი ჯგუფურობის ნაწილი მოეხსნა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებში იყო ისეთი, რომელიც მას პირადი სახსრებით უნდა დაეფარა და არა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მან დაასახელა სააკაშვილის ნათესავების და პირადი სტუმრების მომსახურების ხარჯები და ასევე მისი შვილების სწავლის დაფინანსება.

რაც შეეხება ჯანაშიას, მოსამართლის თქმით, მან სამოხელეო დანაშაული ჩაიდინა, როცა საზოგადოებრივი ინტერესების საპირისპიროდ, უპირატესობა მიანიჭა პრეზიდენტს და იმოქმედა გამორჩენის მიზნით.

„თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მლნ ლარზე მეტი ოდენობის თანხით, მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებს მიადგა რეპუტაციული ზიანი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის“, – თქვა მოსამართლემ.

პროკურატურა ჯანაშიას ნაწილში გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარეც.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლეს „ბიძინას მონა“ უწოდეს.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოძიების ეტაპზე ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სააკაშვილს ამ დრომდე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ვალერი გელაშვილის ცემის და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე.

სასამართლო განხილვა გრძელდება საზღვრის კვეთის და 7 ნოემბრის საქმეებზე.