„ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას, და, ნინო ზარქუა ეხმაურება ინფორმაციას, რომ ჯერ თავად, შემდეგ კი მისი ქმარი ფლობდა 50%-იან წილს იმ კომპანიაში, რომლის წარმომადგენლებიც დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
ზარქუა ამბობს, რომ მის ქმარს და ძმას ამ საქმესთან და ტენდერებთან კავშირი არ აქვთ.
„ეს კომპანია, „ლაგი კაპიტალი”არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ, ზუსტად არც მახსოვს. ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს, არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით, საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები! გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში!
ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ, დაკავებულების ჩვენებებიც ნახოთ და კიდევ უფრო მიხვდებით, რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში”. – დაწერა ნინო ზარქუამ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 30 სექტემბერს განაცხადა, რომ 2-მა დაკავებულმა 2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვა 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – სამი სკოლა, ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
უწყების ცნობით, გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
საჯარო რეესტრის თანახმად, 2023 წლის სექტემბრამდე შპს ლაგის 50%-იანი წილის მფლობელები „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას ჯერ და, შემდეგ კი სიძე – ალექსანდრე ამისულაშვილი იყვნენ.
2023 წლის სექტემბერში შპს „ლაგი კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ია რამიშვილი. რამიშვილივეა გაფორმებული კომპანიის დირექტორად. გუშინ დაკავებული ბესიკ ბერძენიშვილი კომპანიის დირექტორის პოსტზე 2025 წლის მარტში დანიშნეს.
„ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ 2024 წლის სექტემბერში მომზადებული მასალის თანახმად, ია რამიშვილს ალეკო ამისულაშვილმა და წილების სხვა მფლობელებმა კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ტენდერები ჰქონდა მოგებული, უსასყიდლოდ გადასცეს.
ერთ-ერთი – 20-მილიონლარიანი ტენდერი, რომლითაც კომპანია შიდა ქართლის რეგიონის რიგი საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის ვალდებულებას იღებდა, „ლაგი კაპიტალმა” 2023 წლის 22 მარტს მოიგო. მაშინ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი იყო ალექსანდრე ამისულაშვილი.