მოსამართლე გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციულის მოთხოვნა აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე წვდომაზე

პუბლიკა

გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა, არ დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ.

ინფორმაცია ამის შესახებ თეონა ფანქველაშვილმა გაავრცელა.

მისი თქმით, თავად ანტიკორუფციული ბიუროს საჩივრის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა სააპელაციო სასამართლოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ კუპრაშვილი გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

თეონა ფანქველაშვილმა თქვა:

„დამირეკეს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან. ანტიკორუფციული ბიურო მიჩივის, თითქოს ვყოფილვარ „ფარის” და „ერთობის” წევრი და მქონია პოლიტიკური მიზნები. „ფარის” და „ერთობის” წევრები არ ვართ არც მე და არც თეო ბზიშვილი.

არც ერთი არ წარმოვადგენთ ამ ორგანიზაციას, არასდროს არ მიგვიღია არანაირი სარგებელი მათგან.

ამ საჩივარში წერია, რომ თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის პოლიტიკური მიზნები გვაქვს. არც ერთი ჩემი სტატუსი თუ საჯარო გამოსვლა მსგავსი შინაარსის არ ყოფილა. არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი“.

გორელი აქტივისტების უფლებებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.

მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა ყველა ტრანზაქციაზე წვდომა, რაც ფანქველაშვილისა და ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა.

იურისტის განცხადებით, მოსამართლე ნინო გერგაულმა ბიუროს განუმარტა, რომ პოლიტიკური სუბიექტის განცხადებაში აუცილებელია, არსებობდეს 2 პირობა: პირს ჰქონდეს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ და ამასთან, არჩევნების გზით ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის სურვილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და ბატონი რაჟდენის ბიურო ამას ვერ წარადგენდა, სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და უარი უთხრა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც წარადგინა ანტიკორუფციულმა ბიურომ”. – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

მისივე შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამავე დროს – საშიში, ვინაიდან ბიურო ფიქრობს, რომ მას შეუძლია, ნებისმიერი მოქალაქის საბანკო ინფორმაცია გამოითხოვოს.

ნინო გერგაული გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა 2009 წლიდან. 2019 წლიდან კი უვადოდ არის განწესებული.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.