„უიშვიათესი შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში“ – NGO-ები მოსამართლეების განცხადებებზე

პუბლიკა

მოსამართლეთა ნაწილის გამიჯვნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებისგან არასამთავრობო სექტორმა დადებითად შეაფასა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს უიშვიათესი შემთხვევაა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.

„ეს კარგი და დასაფასებელი პროცესია. რადგან, საბოლოოდ უნდა ვიცოდეთ. ვინ არიან ის მოსამართლეები ვინც, როგორც მათ აშშ-ის საელჩო უწოდებს, ძირს უთხრიან სასამართლოს ლეგიტიმურობას. შესაბამისად, ყველა მოქმედი მოსამართლე, ვინც კომიტეტის განცხადებას არ გაემიჯნება ძირს უთხრის სასამართლოს ლეგიტიმურობას და დავარქმევთ მათ თავის სახელს“, – წერს მარიკაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მოსამართლეთა რაოდენობა, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენი მოსამართლეების განცხადებას გაცილებით მეტია, ვიდრე დღეს და გუშინ გახდა ცნობილი. მისი შეფასებით, კარგი და ჯანსაღი პროცესია, როცა ყველა ერთ აზრზე არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ კლანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, მხოლოდ დრო არის ის, რაც აშორებს ქართულ სასამართლოს კლანური მმართველობის დასრულებისგან“, – აცხადებს მენაბდე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურო იმნაძის თქმით, ასეთი მოსამართლეები უკიდურეს უმცირესობაში არიან და სასამართლო სისტემის მმართველობაზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვთ.

გურო იმნაძის აზრით, ასეთი ადამიანები სისტემის კრიტიკის შემდეგ შიდა რეპრესიული ინსტრუმენტების მსხვრეპლი ხდებიან.

„ამიტომაც დღეს თუკი ვინმე ბედავს კრიტიკას, ეს ადამიანები საჭიროებენ დიდ მხარდამჭერას, გაძლიერებას“, – აცხადებს ის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა მოსამართლეთა კონფერენციის კომიტეტის განცხადება შეაფასა:

„ჩვენ სასამართლო არ გვყავს, მეგობრებო. რაც უნდა განცხადებები ვისმინოთ კლანის წევრების მხრიდან, რომ თითქოს ვიღაცა ერევა მათ საქმიანობაში, ვერევით მათ საქმიანობაში იმიტომ, რომ სასამართლოში გაბატონებულია კორუფცია, გვყავს კლანი, სასამართლო არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, მოსამართლეთა კონფერენციის კომიტეტის განცხადება უპრეცედენტო იყო.


4 ნოემბერს გავრცელდა განცხადება, რომლითაც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხმაურება.

„გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი“, – ასე აფასებს კომიტეტი შეფასებებს.

ამ განცხადების შემდეგ გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ იზიარებენ ტექსტში გამოთქმულ პათოსს.

ამ ეტაპზე 16 მოსამართლემ დაწერა ან გამოთქვა საჯაროდ თავისი მოსაზრება:

უზენაესი სასამართლო: ნინო ბაქაქური ეკატერინე გასიტაშვილი;

სააპელაციო სასამართლო: 3. ქეთევან მესხიშვილი 4. შოთა გეწაძე 5. გელა ბადრიაშვილი

რაიონული/საქალაქო სასამართლოები: 6. ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო 7. ზაზა მარტიაშვილი – თბილისის საქალაქო 8. თამარ ხაჟომია – თბილისის საქალაქო 9. გიორგი ებანოიძე – თბილისის საქალაქო 10. ხათუნა ჯინორია – თბილისის საქალაქო 11. მადონა მაისურაძე – რუსთავის საქალაქო 12. ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო 13. ლევან დარბაიძე – გორის რაიონული 14. ნინო გერგაული – გორის რაიონული 15. ბადრი ნიპარიშვილი – თეთრიწყაროს რაოინული 16. მამუკა წიკლაური – თელავის რაიონული


31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა  და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.