„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ აქციაზე დაშავებული პოლიციელები ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა.
როგორც მან განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება ორი პოლიციელი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია“.
„გუშინ ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 30-ზე მეტი პოლიციელი, ნაწილი გაწერილი იქნა სახლში საშუალო დაზიანებებით. სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ ორი პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე გახლდათ გუშინ, დღეს შედარებით სტაბილურობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ, ექიმების განმარტებით, მალე უკეთესობა გვექნება.
მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, – განაცხადა გელაძემ.
გელა გელაძეს შეკითხვა დაუსვეს – უნდა ველოდოთ თუ არა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, რაზეც მან უპასუხა: „რა თქმა უნდა“.
„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით. 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამისი სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, – თქვა გელაძემ.
4 ოქტომბერს თბილისში არჩევნების პარალელურად აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მოგვიანებით მურთაზ ზოდელავამ უთხრა, რომ გადაენაცვლათ პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია ჭიშკარი და ეზოში შეიჭრა, მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა უკვე დააკავეს „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ ყველა წევრი – პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
„მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.