შესაძლოა თუ არა, რომ 2027 წელს სომხეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართოს — ახსნილი

პუბლიკა

ფაშინიანმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა. აზერბაიჯანი კი სომხეთზე ზეწოლას აგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს.

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა არ გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მხოლოდ ხუთი თვეა გასული.

გამარჯვების მიუხედავად, მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ არ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭირო ორი მესამედის უმრავლესობა. სწორედ კონსტიტუციის შეცვლა დაასახელა აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად.

შედეგად, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნებს, შესაძლოა, ამომრჩეველთან დაბრუნება და უმრავლესობის მოპოვების მცდელობა მოუწიოს.

რა პრობლემაა მოქმედ კონსტიტუციაში?

სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის ნაწილი, რომელიც 1995 წელს რეფერენდუმის გზით მიიღეს, ხოლო 2005 და 2015 წლებში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა თავის მხრივ, ეს დეკლარაცია „ეფუძნება“ საბჭოთა სომხეთის უმაღლესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის „გაერთიანების“ შესახებ. აზერბაიჯანმა არაერთხელ მოითხოვა კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერის ამოღება და განაცხადა, რომ სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის აუცილებლობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს პირველად 2024 წელს დაუკავშირა და ეს პროცესი შეადარა წითელ ქსოვილს შეადარა, რომელიც ხარს აღიზიანებს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ წითელი ქსოვილის პრობლემა, მაგრამ წითელი ქსოვილის სხვა ფერის ქსოვილით ჩანაცვლება გარანტიას არ გვაძლევს. წითელი ქსოვილის შემთხვევაში უარყოფითი გარანტია გვაქვს, სხვა ფერის ქსოვილის შემთხვევაში კი შანსი გვიჩნდება, თუმცა გარანტია არ არსებობს. და თუ კომპეტენტურად ვიმოქმედებთ, ამ შანსს გარანტიად ვაქცევთ“, – განაცხადა ფაშინიანმა 2024 წლის იანვარში.

იმ პერიოდში ფაშინიანი უარყოფდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესზე რაიმე სახის საგარეო ზეწოლა არსებობდა. ეს პოზიცია მან შემდგომშიც არაერთხელ გაიმეორა.

„პირველ რიგში, უნდა განვაცხადო, რომ ახალი კონსტიტუციის დღის წესრიგი მთლიანად სომხეთის შიდა საკითხია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღის წესრიგი ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მივიღეთ და ამის შესახებ განვაცხადეთ, არამედ იმიტომაც, რომ ახლა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, როდესაც ხმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ მისცეს, მხარი ამ დღის წესრიგსაც დაუჭირეს“, – განაცხადა ფაშინიანმა 2026 წლის აგვისტოში.

ორი თვის შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა 2027 ან 2028 წელს მოეწეროს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანელმა დეპუტატმა გაია მამედოვმა ბაქოს შეშფოთება გამოხატა „სომხეთის აშკარა მცდელობების“ გამო, გადადოს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის საჭირო პირობების შექმნა და სხვა ვალდებულებების შესრულება.

პოლიტოლოგი ნარეკ სუკიასიანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის შესახებ სრულიად ფორმალური საკითხია, რომელსაც პრაქტიკული აზრი არ აქვს და არც რეალურ სამშვიდობო პროცესზე ექნება პრაქტიკული გავლენა.

„ეს დილემა აზერბაიჯანმა შექმნა და, გარკვეულწილად, თავადაც და სომხეთიც ჩიხში მოაქცია, საიდან გამოსვლაც რთული იქნება. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ კონსტიტუციის შეცვლა, როგორც წესი, რთული პროცესია. რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შანსიც განსაკუთრებით მაღალი არ არის“, – განუცხადა სუკიასიანმა OC Media-ს.

მისივე თქმით, „ალიევის განცხადებები სომხეთში საზოგადოებრივ აღქმაზე დადებითად არ მოქმედებს – პირიქით, ისინი აძლიერებს რწმენას, რომ ეს მოსახლეობის შემდგომი დამცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.

ამასთან, სუკასიანის აზრით, სომხეთის მხრიდან კონსტიტუციურ ცვლილებებზე გაკეთებული ბოლო განცხადებების ტალღა მეტწილად გამოწვეულია აზერბაიჯანის დარწმუნების აუცილებლობით, რომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ერთგულია.

„ამ ერთგულებას ცივი შხაპივით დაატყდა თავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული დიპლომატიური ტური ყარაბაღში მდებარე სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რასაც ერევნის შესაბამისი პასუხი მოჰყვა“, – დასძინა მან.

უცხოელი დიპლომატები 2026 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში განძასარის მონასტერს სტუმრობენ. ფოტო: Azertac
უცხოელი დიპლომატები 2026 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში განძასარის მონასტერს სტუმრობენ. ფოტო: Azertac

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუციის ტექსტის გამოქვეყნების რამდენიმე ვადა დაასახელა, ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნება. ბოლო დაპირების თანახმად, ტექსტი „წლის ბოლომდე“ უნდა გამოქვეყნდეს.

სუკიასიანის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე კონსტიტუციის ტექსტი არ გამოქვეყნდა, შესაძლოა, იყოს შიში, რომ ამ ნაბიჯს საპირისპირო შედეგი მოჰყვებოდა. კერძოდ, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე უარის თქმას ოპოზიცია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.

თუმცა, სუკიასიანის აზრით, თუ ეს ერთადერთი მიზეზი იყო, უფრო უსაფრთხო ნაბიჯი არჩევნების დასრულებისთანავე პროექტის გამოქვეყნება იქნებოდა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, მისი თქმით, პოლიტიკური გათვლების გარდა, შესაძლებელია, რომ ტექსტი უბრალოდ ჯერ მზად არ არის.

რატომ ცდილობს ფაშინიანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას?

აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლის გაგრძელების ფონზე ფაშინიანს მოქმედების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. სომხეთის კანონმდებლობით, ახალი კონსტიტუციის მისაღებად ან მასში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმია საჭირო, თუმცა მის დანიშვნას პარლამენტში ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება, რაც პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ არ აქვს. ამასთან, რეფერენდუმის წარმატებისთვის ფაშინიანს რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25 პროცენტის მხარდაჭერაც დასჭირდება.

ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში 64 მანდატი აქვს. მას მოსდევს ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ 29 მანდატით, ხოლო „სომხეთის ალიანსს“ 12 მანდატი აქვს. ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის დასანიშნად საჭირო 70 მანდატის მოსაპოვებლად მმართველ პარტიას კიდევ ექვსი ხმა აკლია.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ოპოზიციას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი არც ერთი წარმომადგენელი „სამოქალაქო შეთანხმებას“ მხარს არ დაუჭერს. აგვისტოში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა ანა გრიგორიანმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, სხვა საკითხებზე იმსჯელონ და მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა არა ამ საკითხზე. მან ახალი კონსტიტუციის იდეას „ალიევის კონსტიტუცია“ უწოდა.

მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, სუკიასიანი არ გამორიცხავს, რომ ფაშინიანმა მოქმედ პარლამენტში საჭირო 70 ხმის მოპოვება მაინც შეძლოს.

„პირველ რიგში, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ, ამიტომ ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან კულისებს მიღმა მუშაობა შესაძლოა შესაძლებელი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, უნდა ვიკითხოთ, რამდენად რეალურად სურს ოპოზიციას, საჯარო განცხადებების მიღმა, მორიგ ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსებია ამისთვის საჭირო და, შესაძლოა, თავად დროც. მართალია, სომხურ ოპოზიციას ფინანსური რესურსები არ აკლია, თუმცა მისი მზადყოფნა ხანგრძლივი და ინტენსიური დაპირისპირებისთვის ჯერ გამოცდილი არ არის“, – ამბობს სუკიასიანი.

როგორც ჩანს, ფაშინიანის ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.

თავის მხრივ, ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მაშინაც კი, თუ ისინი რეფერენდუმის მხარდაჭერას დათანხმდებიან, შესაძლოა, ეს აზერბაიჯანის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთადერთი წინაპირობა არ აღმოჩნდეს.

„თუ გვექნება დადასტურება, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯია, შემოგვიერთდებით მის განსახორციელებლად? დაფიქრდით და შეგვატყობინეთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 29 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან ოპოზიციას ასევე მოუწოდა, რეფერენდუმს მხარი დაუჭიროს და დასძინა, რომ თუ პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმებს ვერ მოიპოვებს, ისინი გადადგებიან.

თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციაზე ზეწოლის სხვა გზებსაც გამონახავენ.

„დიდი ალბათობით, ეს ვადამდელ არჩევნებამდე არ მიგვიყვანს. პირიქით, ჩვენ შევთავაზებთ ისეთ რამეს, რაზეც ოპოზიცია უარს ვერ იტყვის. გუშინ მათ მოგვცეს შესაძლებლობა, პროცესი ისე წარვმართოთ, რომ ოპოზიციაზე საზოგადოებრივი ზეწოლა გაძლიერდეს და ამ გზით შესაძლებელი გახდეს, მათ საკუთარი ხმით მხარი დაუჭირონ ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სუკიასიანი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ტაქტიკის მიუხედავად, ოპოზიცია კონსტიტუციის შეცვლას აუცილებლად ეროვნულ საკითხად წარმოაჩენს. შესაბამისად, წარმატების მისაღწევად მმართველ პარტიას ფართომასშტაბიანი რებრენდინგის კამპანიის ჩატარება და იმიჯის შეცვლა დასჭირდება, რათა ახალი კონსტიტუცია „ალიევის პროექტად“ აღარ აღიქმებოდეს.

„ამ კამპანიაში უკვე შესამჩნევი ტექნიკაა კონცეფცია „რეალური სომხეთი“. ახალი კონსტიტუციის მიზანია, დაამკვიდროს სტრატეგიული კოდი, რომელიც მმართველმა პარტიამ ერთ-ერთ ბოლო პარტიულ ყრილობაზე მიიღო“, – ამბობს სუკიასიანი.

ფაშინიანის იდეოლოგია „რეალური სომხეთი“ სომხურ იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას ხელახლა განსაზღვრავს. მისი საფუძველია სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორია – 29 743 კვადრატული კილომეტრი – და არა ისტორიული და ტერიტორიული პრეტენზიები.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ოფიციალური ფოტო
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ოფიციალური ფოტო

შეძლებს ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას?

თუ მმართველი პარტია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გადაწყვეტს, სასურველი შედეგი გარანტირებული არ არის.

როგორც სუკიასიანი აღნიშნავს, ვადამდელი არჩევნები, როგორც წესი, მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. ხელისუფლება თავად აკონტროლებს არჩევნების დროს, შეუძლია მომზადება უფრო ადრე დაიწყოს და პოლიტიკური დღის წესრიგიც თავად განსაზღვროს.

თუმცა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს მოიპოვა, როდესაც მისი პოპულარობის პიკზე, ხავერდოვანი რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, ამომრჩეველთა ხმების 70 პროცენტი მიიღო. მაშინ პარტიამ ეს შესაძლებლობა კონსტიტუციური რეფერენდუმის დასანიშნად გამოიყენა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო რეფერენდუმი მალევე გაუქმდა.

მას შემდეგ პარტიის მხარდაჭერა ყოველ არჩევნებზე მცირდებოდა: 2021 წლის ვადამდელ არჩევნებში მან ხმების 54 პროცენტი მიიღო, ხოლო 2026 წელს – 50 პროცენტი.

საარჩევნო უბანი ერევანში 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს. ფოტო: AP Photo/სერგეი გრიცი.
საარჩევნო უბანი ერევანში 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს. ფოტო: AP Photo/სერგეი გრიცი.

სომხეთის საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომ მანდატების განაწილების საარჩევნო მექანიზმის მიუხედავად, ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ ხმების ორ მესამედზე მეტს არ მოიპოვებს.

კიდევ ერთი დაბრკოლება ის არის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და რეფერენდუმს დანიშნავს, მას რეგისტრირებული ამომრჩევლების, სულ მცირე, 25 პროცენტის მხარდაჭერა დასჭირდება. ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნების საშუალო აქტივობა კი მხოლოდ 52 პროცენტი იყო.

თუმცა არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელმაც შესაძლოა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ პოზიციები გააძლიეროს.

ახალი კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გასული ერთი წლის განმავლობაში სომხეთში არ უცხოვრიათ. შედეგად, ივნისის არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა სიიდან დაახლოებით 70 000 ადამიანი ამოიღეს.

რადგან რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა, მმართველ პარტიას შესაძლოა ხმების უფრო დიდი წილის მიღებისა და, შესაბამისად, პარლამენტში მეტი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა გაუჩნდეს.

კიდევ ერთი ფაქტორი ოპოზიციის სისუსტეა. სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. პარტია „ძლიერი სომხეთის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში იმყოფება, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დაკავებულია, ხოლო „სომხეთის ალიანსის“ ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, ფაშინიანი სომხეთში მორიგი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის მზად არის, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის შეიძლება გაიმართოს კენჭისყრა, თუ საქმე აქამდე მივა.

თუმცა ფაშინიანის განცხადება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა 2027 ან 2028 წელს იგეგმება, მიანიშნებს, რომ მანამდე უნდა ჩატარდეს როგორც არჩევნები, ისე შემდგომი რეფერენდუმი – იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მის დასანიშნად საჭირო ხმებს მოიპოვებს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.