აზერბაიჯანმა „დაძაბულობის განმუხტვამდე“ გადადო სამოქალაქო საზოგადოების ვიზიტი სომხეთში

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

აზერბაიჯანმა „დაძაბულობის განმუხტვამდე“ გადადო სამოქალაქო საზოგადოების ვიზიტი სომხეთშიაზერბაიჯანულმა მხარემ, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, „დაძაბულობის შემცირებამდე“ გადადოს „მშვიდობის ხიდის ინიციატივის“ შეხვედრა, რომელიც ერევანში სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის უნდა გამართულიყო. შეხვედრის მოულოდნელად გაუქმებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ სექტემბრის შუა რიცხვებში მთიანი ყარაბაღის მონასტრების სომხური წარმომავლობის ეჭვქვეშ დაყენება, რამაც სომხეთში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტები 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ დაიწყო. სამიტზე მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს, თუმცა შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის. სამიტის შედეგად ასევე მიღწეულია შეთანხმება „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შექმნაზე – ეს არის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს.

მიმდინარე წლის დასაწყისში გამართული ბოლო ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეებმა სახმელეთო საზღვარი სომხეთ-აზერბაიჯანის დემარკირებული მონაკვეთის გავლით, ტავუშისა და ყაზახის მიმართულებით გადაკვეთეს. ორ ქვეყანას შორის საზღვარი მას შემდეგ არის ჩაკეტილი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მთიანი ყარაბაღის პირველი ომი დაიწყო. წინა შეხვედრები შედგა იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს კორონავორუსის საბაბით კვლავ ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვრები.

22 სექტემბერს სომხური პრესკლუბის წარმომადგენელმა ბორის ნავასარდიანმა, რომელიც ინიციატივის წევრია, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ სომხური მხარე „მხარს დაგეგმილი შეხვედრების ჩატარებას უჭერდა და არ ემხრობოდა მათ გადადებას“

„სომხური მხარე მიიჩნევს, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში აუცილებელი იყო შეხვედრა, ურთიერთგაგების მიღწევის მცდელობა და იმ ატმოსფეროზე შეთანხმება, რომლის განვითარებაც გვსურს საინფორმაციო გარემოსა და საზოგადოებრივ სივრცეში. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანიდან ამ ეტაპზე პროცესში ჩართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ“, – განაცხადა ნავასარდიანმა.

OC Media-მ დამატებითი კომენტარისთვის ინიციატივის სომეხ და აზერბაიჯანელ წევრებს მიმართა.

შეხვედრის გადადებას ფონად მიჰყვება დავა მთიან ყარაბაღში მდებარე მონასტრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე იქმეთ ჰაჯიევმა უცხოელ დიპლომატთა ჯგუფს მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერებინა და განაცხადა, რომ მონასტრები კავკასიის ალბანეთის მემკვიდრეობაა და არა სომხეთის. ეს თეორია ფსევდოისტორიულად არის მიჩნეული.

კავკასიური ალბანეთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რომელიც თანამედროვე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე არსებობდა და არაფერი აქვს საერთო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ალბანეთთან.

„მშვიდობის ხიდის ინიციატივა – სომხეთის“ წევრებმა და სხვებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები ორ საზოგადოებას შორის უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და სამშვიდობო პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა მტრობა გააძლიეროს.

ჰაჯიევის განცხადებებს სომხეთში, მათ შორის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აზერბაიჯანის მტკიცებები სომხეთის ხელისუფლებამაც უარყო და აღნიშნა, რომ ისტორიის დამახინჯება იმ რიტორიკის ნაწილია, რომელმაც შესაძლოა სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრის გადადების მიუხედავად, სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ქრისტინე გრიგორიანი 22 სექტემბერს აზერბაიჯანში ბაქოს უსაფრთხოების მეოთხე ფორუმს დაესწრო. ღონისძიება აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გრიგორიანი გახდა სომხეთის უსაფრთხოების სფეროს მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ამ ფორუმს დაესწრო. მანამდე, 2025 წლის ფორუმში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანდრანიკ სიმონიანი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეხვდებიან თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში, სადაც ორივე მათგანი დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას.

„ეროვნული სიმდიდრე“ თუ „ძარცვა“

21 სექტემბერს აზერბაიჯანმა სომხეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში მდებარე დადივანქის მონასტრის (რომელსაც აზერბაიჯანულად ხუდავანგს უწოდებენ) „ძარცვაში“. ბაქოს განცხადებით, 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ სომხეთმა მონასტრიდან „აიღო ჯვრები, ზარები და კომპლექსის კუთვნილი სხვა ელემენტები“.

აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, საბინა ჰაჯიევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა 2025 წლის ოქტომბერში სარჩელი შეიტანა ინტერპოლის მოპარული ხელოვნების ნიმუშების მონაცემთა ბაზაში, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ნივთების დაბრუნებას, თუ მათ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში აღმოაჩენენ.

22 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხეთში კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეობის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

„მიმაჩნია, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის ნებისმიერი ქონება, რომლის გადმოტანაც შესაძლებელი იყო სომხეთში, უნდა გადმოეტანათ კიდეც. აქ გასაკვირს ვერაფერს ვხედავ – ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრის ნაწილია და ის სომხეთში უნდა იყოს“, – უთხრა 22 სექტემბერს „რადიო თავისუფლებას“ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენელმა ედუარდ აღაჯანიანმა.

აღაჯანიანის თქმით, აზერბაიჯანის განცხადებების მიზანი თავად აზერბაიჯანულ მხარეს უნდა ჰკითხონ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები მშვიდობის გარშემო არსებული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიას „ძარცვასთან“ დაკავშირებულ ბრალდებებზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.