ავტორი: არშალუის ბარსეღიანი და რაფიგ შაჰბაზოვი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მცდელობას, მთიან ყარაბაღში არსებული სომხური რელიგიური ძეგლები არასომხურად წარმოაჩინოს, „მიუღებელი და გაუგებარი“ უწოდა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევმა რეგიონში სომხურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით კვლავ სადავო განცხადებები გააკეთა.
მთიან ყარაბაღში ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხი რეგიონთან დაკავშირებული კონფლიქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აზერბაიჯანი ხშირად შუა საუკუნეების მონასტრებსა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კავკასიის ალბანურ მემკვიდრეობად მოიხსენიებს და მათ სომხურ წარმომავლობას უარყოფს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მათი სომხურ მემკვიდრეობასთან კავშირი ფართოდ არის აღიარებული. კავკასიის ალბანეთი, რომელსაც ბალკანეთის თანამედროვე ალბანეთთან კავშირი არ აქვს, უძველესი ქრისტიანული სამეფო იყო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებობდა.
დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სექტემბრის დასაწყისში დიპლომატების ჯგუფი მთიან ყარაბაღს ეწვია. ოფიციალური ტურზე, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი მასპინძლობდა, სომხური რელიგიური მემკვიდრეობა კავკასიის ალბანურ მემკვიდრეობად წარმოაჩინეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე აჩვენეს უძველესი სომხური ხელნაწერების ასლები, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მათი ცარიელი გვერდები მათ სიყალბეზე მეტყველებდა.
ვიზიტი სომხეთში დაგმეს. სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ისტორიის დამახინჯება მიუთითებს რიტორიკაზე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სამშვიდობო პროცესს.
„თუმცა, მე ასევე უაზროდ მიმაჩნია მიზნად იმის დასახვა, რომ, მაგალითად, აზერბაიჯანისთვის ამის დამტკიცება შევძლოთ, რადგან ეს უაზრო და განუხორციელებელი ამოცანაა. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს განუხორციელებელი ამოცანაა, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, არაფერი შეუცვლია და არც მომავალში შეცვლის“, – განაცხადა ფაშინიანმა გასულ კვირას.
მისივე თქმით, „დამყარებული მშვიდობა მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის“ და ორივე მხარე „მშვიდობას სათანადო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს“.
რაც შეეხება განძასარის (განჯასარის) წარმომავლობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის მტკიცებებს „ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური ოფიციალური პირის“, მატენადარანის დირექტორ არაკ ხზმალიანის მეშვეობით უპასუხა.
კრიტიკოსები ფაშინიანსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს აზერბაიჯანის პრეტენზიებზე ადეკვატური პასუხის გაუცემლობაში ადანაშაულებენ, რაც ეხმიანება ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის ზედმეტად ბევრ დათმობაზე მიდის.
მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფონზე სომხეთმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მოქმედებებზე რეაგირებისას უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა. ეს ქმედებები მოიცავს სომხური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის, ძველი სასაფლაოების, საცხოვრებელი ადგილებისა და დასახლებების, ასევე ყოფილი სამთავრობო შენობების განადგურებას.
ფაშინიანის მთავრობის მიმართ კრიტიკის ფონზე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ მკაცრი განცხადების გაკეთება, რომელიც სომხეთის მოსახლეობას დააკმაყოფილებდა, „მაგრამ ეს სარგებელს არ მოუტანს ასე ნანატრ მშვიდობას“.
სიმონიანმა ასევე განაცხადა, რომ ჰაჯიევს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. მისი თქმით, მათ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები აქვთ და მუდმივ კონტაქტზე არიან – ერთმანეთს „ორ დღეში ერთხელ“ ესაუბრებიან.
მისი თქმით, ჰაჯიევს გადასცა შეშფოთება, „რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთმა მოვლენებმა პროცესს მოულოდნელად ხელი არ შეუშალოს“.
„არსებობს მათი ხედვა და არსებობს ჩვენი ხედვა. ჩემი მუშაობის აზრი, პირველ რიგში, ის არის, რომ ეს ხედვები ერთმანეთს არ დავუპირისპიროთ და მათი ჯახი არ გამოვიწვიოთ“, – აღნიშნა მან.
17 სექტემბერს, დავის განახლების ფონზე ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ნარატივს „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ, რომელსაც სომხეთი ტერიტორიული პრეტენზიების შემცველად მიიჩნევს სომხეთისა და „დამყარებული მშვიდობისთვის“ „ძალიან სერიოზული გამოწვევა და უსაფრთხოების საფრთხე“ უწოდა.
ჰაჯიევი ამბობს, რომ ქრისტიანული მემკვიდრეობა აზერბაიჯანის ისტორიის ნაწილია და ის დაცული იქნება
16 სექტემბერს დუბაიში Euronews-ის პანელურ დისკუსიაში ჰაჯიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან მშვიდობის დამყარება „რთული ბრძოლაა“, თუმცა აზერბაიჯანი მზად არის, საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული მემკვიდრეობა დაიცვას, რადგან ის ქვეყნის ისტორიის ნაწილია.
დისკუსიის დროს ჰაჯიევმა Euronews-ს განუცხადა, რომ „ალბათ სომხეთის მთავრობამ საკუთარ ხალხსაც უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობისთვის მომზადებაში“.
„ახლა ჩვენ ომი მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმარჯვებთ მშვიდობაში, რაც რთული ბრძოლაა“, – განაცხადა ჰაჯიევმა – “ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ოკუპაციის წლების განმავლობაში ჩვენი მეჩეთებსა და ჩვენს ისლამურ კულტურულ მემკვიდრეობას სომხეთი სრულად ანადგურებდა – მეჩეთებში ღორებიც კი ჰყავდათ შეყვანილი. ჩვენ ამას შურისძიების ნიშნად არ აღვიქვამთ, მაგრამ ეს ჩვენი ისტორია და მემკვიდრეობაა და ამის დავიწყება არ შეგვიძლია“, – დასძინა მან.
ჰაჯიევმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ზრუნავს „აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე ქრისტიანული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, მიუხედავად მათი კუთვნილებისა, და ეს საბოლოო წერტილია, რადგან ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა“.
„ეს ასევე ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი კერაა IV საუკუნიდან: ქრისტიანობა ალბანეთის (კავკასიის) სამეფომ ოფიციალურ რელიგიად მიიღო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანი „ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ისლამი მიიღო“.
15 სექტემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რასაც მან სომხეთის მხრიდან მეჩეთების განადგურება უწოდა.
ალიევის განცხადებით, სომხეთის სახელმწიფომ 65 მეჩეთი სრულად გაანადგურა, ზოგიერთი სხვა კი ნაწილობრივ დააზიანა.
„თქვენც ალბათ გინახავთ ეს ფოტოები. სომხეთი განზრახ ამყოფებდა ცხოველებს მეჩეთებში, მათ შორის ღორებსა და ძროხებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ თავი არ შეიკავეს ასეთი ბარბაროსული ქმედებებისგან, რათა ჩვენთვის შეურაცხყოფა და დამცირება მიეყენებინათ და ჩვენი ხალხისთვის ტკივილი კიდევ უფრო გაეღრმავებინათ, ჩვენი მგრძნობიარე საკითხების გამოყენებით. საბოლოოდ ეს არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი ხალხის, არამედ მთელი მუსლიმური სამყაროს შეურაცხყოფა იყო. ეს არის სომხეთის სახელმწიფოს ნამდვილი სახე. ეს არასდროს უნდა დავივიწყოთ და არც არასდროს დავივიწყებთ“, – თქვა ალიევმა.
კამათი აზერბაიჯანულ სოციალურ მედიაშიც გრძელდება. ზოგიერთი მომხმარებელი ეთანხმება მოსაზრებას, რომ განძასარი სომხებს ეკუთვნის, ხოლო დადივანკის (ხუდავანგის) მონასტერი კავკასიის ალბანეთთან არის დაკავშირებული.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.