სომხური ოპოზიცია მმართველ პარტიას „ფაშიზმში“ ადანაშაულებს

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის პარლამენტში მთავრობის წევრების მიერ დასადები ფიცის ტექსტში ცვლილებების განხილვა მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციურმა ფრაქცია „სომხეთის ალიანსმა“ მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ფაშიზმსა და ბოლშევიზმში დაადანაშაულა. თავის მხრივ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ოპოზიცია მავნე პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევრობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს მიდგომა უნდა დასრულდეს.

დავა პარლამენტში 15 სექტემბერს მთავრობის მიერ მინისტრების ფიცის ტექსტის შეცვლის შესახებ ინიციატივის განხილვისას დაიწყო. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.

მოქმედი ფორმულირებით, სახელმწიფო თანამდებობის პირები ფიცს დებენ „ეროვნული მიზნების განხორციელებისა და სამშობლოს გაძლიერებისთვის“, ახალი ვერსიით კი, ეს უნდა ჩანაცვლდეს ფრაზით: „სომხეთის რესპუბლიკის მარადიულობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და განვითარებისთვის“.

იუსტიციის მინისტრის, სრბუჰი გალიანის თქმით, ცვლილება აუცილებელია, რადგან არსებული ფორმულირება სრულად არ ასახავს სახელმწიფოს უწყვეტობის, მისი გაძლიერებისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

ოპოზიციამ ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას“ პრობლემას უქმნის ფიცში „ეროვნული მიზნებისა“ და „სამშობლოს“ ხსენება. მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ თავად სომხეთი წარმოადგენს სამშობლოს, რითაც იმეორებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიის ძირითად ხედვას, რომლის მიხედვითაც სომხებმა უნდა მიიღონ თანამედროვე სომხეთი მის ამჟამინდელ საზღვრებში.

დებატები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატმა არმან ეღოიანმა განაცხადა, რომ „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“ („სრფ“, ასევე ცნობილი როგორც „დაშნაკცუტუნი“) პარტია და მისი იდეოლოგია „სომხური პოლიტიკური აზროვნებიდან უნდა აღმოიფხვრას“. მის განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„სრფ“ ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის ალიანსის“ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ფრაქციას სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს. ის სომხეთის ახალი პარლამენტის ყველაზე პატარა ფრაქციაა. პარტია 1890 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს პოლიტიკურ ძალად ითვლება. ნაციონალისტური იდეოლოგიით ცნობილი პარტია 1918 წელს სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის პროცესში წამყვან როლს ასრულებდა და რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში, 1920 წელს საბჭოთა კავშირის მიერ სომხეთის გასაბჭოებამდე, მმართველი პარტია იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში პარტია აიკრძალა, თუმცა 1990 წელს კვლავ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე.

ეღოიანმა ასევე განაცხადა, რომ დეპუტატი ქრისტინე ვარდანიანი „სომხურ პოლიტიკურ აზროვნებაში „სრფ-ის“ ბოლო წევრი უნდა იყოს“.

„ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის ხანგრძლივი არსებობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად“, – თქვა არმან ეღოიანმა.

„კატასტროფები, რომლებიც ამ პარტიამ და მისმა იდეოლოგიამ ჩვენს სახელმწიფოს მოუტანა, ისეთი მასშტაბის იყო, როგორიც სომხეთს, სომხეთის რესპუბლიკასა და სომეხ ხალხს ისტორიაში არასოდეს გამოუცდია. ეს არის კატასტროფების მომტანი, კონფლიქტების გამომწვევი პარტია, რომელმაც მთელი პოლიტიკური აზროვნება დააზიანა და ამას დღემდე აგრძელებს“, – თქვა ეღოიანმა „სრფ-ის“ შესახებ.

მის განცხადებებს ოპოზიციონერი დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა და პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.

ქრისტინე ვარდანიანმა ეღოიანს „ფაშისტური გამოსვლის“ გაკეთებაში დასდო ბრალი და მმართველი პარტია „ახალგაზრდა თურქებს“ შეადარა; ორგანიზაციას, რომელმაც სომეხთა გენოციდი დაგეგმა და განახორციელა. ასევე ბოლშევიკებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირი დააარსეს. ვარდანიანმა „სამოქალაქო შეთანხმებისთვის“ ამ ორი ჯგუფის სახელების გაერთიანებით ახალი სახელწოდება გამოიყენა: „ახალგაზრდა ბოლშევიკები“.

ვარდანიანმა თქვა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას“ „ახალგაზრდა თურქების მსგავსი მიზნები და ბოლშევიკური აზროვნების მსგავსი ინსტრუმენტები“ აქვს.

მან ასევე განაცხადა:

„როგორც თურქებს სურდათ, მსოფლიოში მხოლოდ ერთი სომეხი დარჩენილიყო, თქვენც ზუსტად იგივე გაიმეორეთ. მაგრამ როგორც თურქებმა ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, ასევე ვერ მიაღწევთ ვერც თქვენ“.

ქრისტინე ვარდანიანის ეს განცხადება ეხებოდა სიტყვებს, რომლებიც სომეხთა გენოციდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, თალაათ ფაშას მიეწერება. გავრცელებული ცნობით, ფაშამ თქვა: „გვინდა, მხოლოდ ერთი სომეხი დავტოვოთ და ისიც მუზეუმში“.

იმავე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანმა ეღოიანის განცხადების ტონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ობიექტურად, ის შესაძლოა ზედმეტად აგრესიულად ჟღერდა“, თუმცა მისი განცხადების შინაარსს მხარი დაუჭირა.

„ამის სხვაგვარად ფორმულირება შეიძლებოდა. მაგალითად, არა ისე, რომ ქალბატონი ვარდანიანი „სრფ-ის“ ბოლო წევრი უნდა იყოს, არამედ ის უნდა იყოს „სრფ-ის“ ბოლო წევრი, რომელიც საბოლოოდ მიიღებს „რეალური სომხეთის“ კონცეფციას და მაგალითად, უარს იტყვის სომხეთისთვის საზიანო იდეებზე. თუმცა, ის შეიძლება ამ მხრივ პირველი წევრიც იყოს“, – თქვა რუბენ რუბინიანმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.