პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის მუხლებით ბრალდება წარუდგინა ერთ პირს

პუბლიკა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა ერთ პირს.

5 ოქტომბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.

როგორც სუსში აცხადებენ, „საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები“. ბ.ჭ.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება – ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები – 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მართლსაწინააღდეგოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

„ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებს პროკურატურა.