4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უწყებაში საქართველოში აკრედიტებული ელჩების დაბარების მიზანი ელჩებისთვის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება იყო.
„4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და ასევე იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა თბილისში. მათ მიეწოდათ ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში. საუბარი ასევე შეეხო გამოხმაურებებს, რომლებიც მოვისმინეთ საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რომლებიც ხშირად არასწორად ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმებს საქართველოსთან მიმართებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური და სამართლიანი განცხადებები გაკეთდეს საქართველოსთან მიმართებით.
ის განცხადებები, რომლებიც კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომლებიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იქნა გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია. დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია.
როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა და გვესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე, მათ შორის პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე როგორც უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ეს განვიხილოთ ირიბად წახალისებად იმ მოვლენების, რომლებიც ხდება საქართველოში“,- ამბობს ბოჭორიშვილი.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას არ ესწრებოდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება 4 ოქტომბერს განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.
„არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია იყო, რომ მათი შეფასებით, „არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.
მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.
ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.
ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.