„თავისუფლების მოედანი” განცხადებას ავრცელებს, რომლითაც აპროტესტებენ მათი ეროვნული საბჭოს წევრის, ნათია ხარატის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გათავისუფლებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ხარატის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, რითაც საავადმყოფოს დირექტორმა „არალეგიტიმური პარტიული ინტერესის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა პაციენტებისა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“.
„ნათია ხარატის სამსახურიდან უსაფუძვლოდ, გაუფრთხილებლად და მოულოდნელად დათხოვნა, როგორც თავად საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ნათიას ღიად განუცხადა — „ფეისბუქ პოსტებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო” — კანონის უხეში დარღვევაა და მასზე პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ნათია ხარატის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება, ასევე, ემსახურება ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების დაშინებას და სხვებისათვის იმის ჩვენებას, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, თუკი „მოედნის” მხარდამჭერები გახდებიან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ოცნებას” ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების, რომლებშიც პატიოსანი და პროფესიონალი მოქალაქეები წევრიანდებიან. „თავისუფლების მოედნის” წევრებსა და მხარდამჭერებს ზეწოლით ვერ შეაშინებენ და ამით კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს ერთიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები მოითხოვენ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორთან, რათა განუმარტოს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივი.
„საჯარო სამსახურების, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს დაწესებულების პარტიული კონტროლისგან გათავისუფლება „თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების თავისუფლად გამოხატვა და ამას აუცილებლად მივაღწევთ, როდესაც ქვეყანას „ოცნების” კორუმპირებული და ბანდიტური მმართველობისგან საბოლოოდ გავათავისუფლებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნათია ხარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკური ელექტროფიზიოლოგის პოზიციაზე მუშაობდა.
ექიმი ნათია ხარატი „ბათუმელებს“ უყვება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს. ექიმის თქმით, მას რესპუბლიკურის დირექტორმა პირდაპირ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მის „ფეისბუქსტატუსებს უკავშირდება“. ექიმი ნათია ხარატი მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერია.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ პოლიტიკური შეხედულებები ექიმთან „პირად საუბრებში“ ახსენა, მაგრამ მისი თქმით, ეს არ უკავშირდება შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
„ჯანდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია თანხმობა [ნათია ხარატთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე]… ყველა საკადრო გადაწყვეტილებას სამინისტროსთან ვათანხმებთ აუცილებლად“, – აცხადებს კახა აღამანაშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.