თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.
შსს-ს ცნობით, ის უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და ხმის ნიმუშის ასაღებადაა დაბარებული.
გამოკითხვაზე შესვლამდე ბაჩო ახალაიამ მედიას უთხრა, რომ ხმის ნიმუშის შესახებ მან გზაში შეიტყო, მანამდე კი იცოდა, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაიბარეს.
ბაჩო ახალაიას თქმით, 4 ოქტომბერს სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც თითქოს ის პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება, ფალსიფიცირებულია.
„გზაში გავიგე, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს. არც უთქვამს, რაზე მიბარებდნენ, მითხრეს, 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებითო. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, 1000%-ით ფალსიფიცირებულია, არათუ სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი.
არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის „პაატათი“ მიმართვა და ამ სტილით. ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით, მამაჩემის ტოლა კაცია და საერთოდ სხვა სახით ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს.
ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და სამზარეულოდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თავს, სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა.
მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებში თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაა მანდ, ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდება სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ?
აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე, ჩემი აზრით, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევან ხაბეიშვილი და სხვები, რომელთაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ მშვიდობიანი, სამოქალაქო აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კარნახი, რამე სახით ორგანიზება ან რამე. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც.
მე მგონია, რომ პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელზეც დახარჯეს 13 წლის განმავლობაში რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე ვარ.
ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი [ზოდელავა] ჩვენი მეზობელია.
მე მგონია, რომ უბრალოდ პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს, ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 5 ან 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. ესაა კიდევ ერთი დამცირების მცდელობა მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს“, – თქვა ახალაიამ.
შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გამოკითხვის შემდეგ მას უწყებაში დატოვებენ, ახალაიამ თქვა, რომ „რა თქმა უნდა, არა“.
ახალაია კრიმინალურ პოლიციაში ადვოკატის გარეშე მივიდა.
„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებდა, ვიღაცა რომ გამოხტება და იტყვის, პროკურატურაში არ მივალ, სასამართლოში მივალო. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? რა, ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად, ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ“, – თქვა ახალაიამ.
ახალაიამ 4 ოქტომბრის აქციაც შეაფასა.
„მე მგონია, ეს 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე მგონია, რომ არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. უფრო სხვანაირი, კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი, ეგ იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როდესაც გაბედეს, გააკეთეს, დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, – თქვა ახალაიამ.
ახალაიას თქმით, ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და მისი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
რაც შეეხება შეკითხვას, შეუთვალეს თუ არა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, მან თქვა, რომ კი.
„კი, მაგრამ ეს არაა მთავარი… მე კი არა, ყველას შემოგითვალეს, ბიძინა ივანიშვილმა შემოგითვალათ, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ქვეყანას ან გარუსდებით“, – თქვა ახალაიამ.
4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ მათ ელფოსტაზე მივიდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე შსს-ს ამ ეტაპისთვის 45 ადამიანი ჰყავს დაკავებული.
დაკავებულთა შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.