ადვოკატი: გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სუსის ბრალდება არის აბსურდული

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებისა და გამოძიების ვერსიის შესახებ მედიასთან ისაუბრა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ადვოკატი არ იცნობდა გიორგი ქემოკლიძეს და მისთვის სუსის ვერსია აბსურდულია.

მახარაშვილის თქმით, პირველივე დღიდან მოითხოვდნენ ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები წაშლილია. მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ცალკე საკანში ყოფნასაც მოითხოვნენ.

„გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული. მან დაკავებული პირის სახელი და გვარი შეიტყო მხოლოდ სიუჟეტიდან და მანამდე არც იცოდა მისი არსებობის შესახებ.

…პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვიდეოჩანაწერების ამოღება, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები არის წაშლილი. ასევე, პირველივე დღიდან ვითხოვდთ, რომ ბაჩიაშვილი მოთავსებულიყო განცალკევებით საკანში, სხვა მსჯავრდადებულებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან თეორიულად, შესაძლოა, ყოფილიყო მსგავსი საფრთხეები. ესეც არ დაკმაყოფილდა.

თუკი არსებობდა რამე ოპერატიული ინფორმაცია, ცხადია, ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელი იყო სწორედ ბაჩიაშვილის განმარტოებით მოთავსებით.

…ასევე ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოსდა ბაჩიაშვილის მიერ მოხდა ორი თანასაკნელის ვინაობის დაგეგმვა. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მისთვის, როგორ უნდა დაეგეგმა, ვის შეუსახლებდნენ… 11 ივნისამდე ბაჩიაშვილი იმყოფებოდა საკანში მარტო.

მსგავს ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებების წარმოდგენა, წარმოუდგენლად მიმაჩნია მტკიცებულებების არსებობა“, – უთხრა მედიას ლევან მახარაშვილმა.

9 ოქტომბერს სუსმა დააკავა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე.

გიორგი ქემოკლიძე თანამდებობიდან სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულების ყოფილ დირექტორთან, დავით გოგობერიშვილთან ერთად 21 აგვისტოს გაათავისუფლეს გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის შემდეგ. 8 ოქტომბერს დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

9 ოქტომბერს სუსმა პენიტენციური სამსახურის მაშინდელი განცხადება განავრცო და თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გიორგი ქემოკლიძესთან შეთანხმებით მოქმედებდა.