ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

პუბლიკა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიას ეწვევა.

აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტი 13-15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ეუთოს მიხედვით, დაგეგმილია შეხვედრები სამთავრობო პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღის წესრიგი მოიცავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესს. საქართველოში შეხვედრების ფოკუსი იქნება საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე, ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთოს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

„ფინეთი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.  ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.