„TV იმედის" მაუწყებლობის შეწყვეტის საქმეზე სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ მიმართვის საფუძველზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყეს.

„არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ სუს-ში.

პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” განცხადებით, მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთით გაითიშა.

ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს.

„შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს”, – აღნიშნავდნენ ისინი გავრცელებულ განცხადებაში.