„ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა, აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება?“ - გორდულაძე

პუბლიკა

კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვისას არჩილ გორდულაძეს ჰკითხეს, არის თუ არა განსაზღვრული ვადა, რამდენი ხნით აეკრძალებათ პირებს პოლიტიკური საქმიანობა.

ამ შეკითხვის საპასუხოდ გორდულაძემ ნაცისტური გერმანიის მაგალითი მოიხმო და განაცხადა, რომ არავითარი ვადა კანონით განსაზღვრული არ იქნება.

„ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – წარმოვიდგინოთ, რომ „ნაცისტური პარტია“ აიკრძალა. მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება იქნებოდა მიზანი თუ არა ნაციზმზე უარის თქმისთვის და რეალიზებისთვის? არა, რა თქმა უნდა.

შესაბამისად, ნაციზმის შემოქმედ პირებს, რომლებიც „ნაცისტურ პარტიას“ ქმნიდნენ, მათაც აეკრძალებოდათ პოლიტიკური საქმიანობა. წარმოვიდგინოთ სხვანაირად რომ განვითარებულიყო მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი მოვლენები და ადოლფ ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება? რა თქმა უნდა, უვადოდ იმიტომ, რომ ადოლფ ჰიტლერი თავის ზნეს არასდროს შეიცვლიდა.

ზუსტად ასე არიან ახლა „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული, რეალურად, ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები – როგორც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან და არ ექნებათ სურვილიც კი, რომ ქვეყნის ღალატზე, კონსტიტუციის დარღვევაზე, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე და ასე შემდეგ, ხელი აიღონ. შესაბამისად, არავითარი ვადა კანონით მითითებული არ არის და არც იქნებოდა მიზანშეწონილი აღნიშნული ვადის ჩაწერა, მარტივია. ქვეყნის ღალატზე ხელმომწერი ადამიანი არის, წარსულშიც იყო და იქნება მოღალატე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღეს „ოცნება“ დაჩქარებულად განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, მომჩივანის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, მის მიერ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის დაფუძნება,
  • პოლიტიკური პარტიის წევრობა,
  • პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა,
  • სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და
  • კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება 
  • არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა 

რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.

პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.

13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის საქმიანობა  კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 23) განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
  • აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.