კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას იურიდიულ კომიტეტზე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, პროექტს ემატება ჩანაწერი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ პარლამენტსა და საკრებულოებში არჩეულ წევრებსაც შეუწყდეთ უფლებამოსილება, თუ ამას მოსარჩელე მოითხოვს.
„[სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს] შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას, თუ მოსარჩელე ითხოვდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეს წევრი დაქვემდებარებოდა უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
შესაბამისი პარტიის წარდგენით არჩეული სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი სიიდან პირის ამორიცხვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა“, – განაცხადა გორდულაძემ.
მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ეს ცვლილება შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობა და ამ პარტიის წარდგენით არჩეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 23-ე მუხლში ჩაიწერება, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს პარტიის აკრძალვას და თანმდევ შედეგებს:
- პარტიის რეგისტრაციის აქტის გაუქმებას;
- პარტიასთან დაკავშირებული პირისთვის პარტიის შექმნის, პარტიის წევრობის, პარტიის ორგანოს წევრობის, პარტიული თანამდებობის დაკავების, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის, არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების აკრძალვას, თუ ამ აკრძალვას ითხოვდა მოსარჩელე და დაკმაყოფილდა.
- პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას, თუ მოსარჩელე ითხოვდა და დაკმაყოფილდა
- პარტიის წარდგენით არჩეული სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე ითხოვდა და დაკმაყოფილდა
- პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას, თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
კანონპროექტს მეორე მოსმენით უკვე ეყარა კენჭი. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ და მესამე, საბოლოო მოსმენით დღესვე მიიღებენ.