ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა

მინდია გაბაძე
ფოტოზე: საბა ჯიქია, ანატოლი გიგაური და გიორგი ახობაძე

„სოლიდარობა მედიას“ – ეს ფოტოები ერთ-ერთი ბოლოა, რომლებიც სინდისის პატიმართა პროცესებზე გადავიღე. „ქართული ოცნების“ მიერ ივნისში მიღებული ახალი რეგულაციების საფუძველზე სასამართლოდან ბრალდებულთა პროცესების გადაღება სრულად აიკრძალა.

ეს იყო შესაძლებლობა, რომელსაც სინდისის პატიმრები ხშირად სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, საზოგადოებამდე თავიანთი სათქმელის მისატანადაც იყენებდნენ.

სასამართლოში ფოტო-ვიდეოგადაღება რომ აიკრძალებოდა, ამას კანონპროექტის ინიციირებამდეც ვგრძნობდით ამ უწყებაში ყოველდღიურად მომუშავე ჟურნალისტები, თუმცა სასამართლოში მუშაობა არც მანამდე ყოფილა წინაღობების გარეშე, რასაც საზოგადოება ვერ ხედავდა, ვინაიდან რისკი იმისა, რომ სისტემა მეტად რადიკალურ მიდგომებს შემოიღებდა, ყოველთვის გაცნობიერებული გვქონდა და არსებული მოცემულობის ფარგლებში ვცდილობდით მუშაობას.

„პუბლიკამ“ სასამართლო პროცესების აქტიურად გაშუქება 2024 წლის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების შემდეგ დაიწყო. მაშინ ქართული სასამართლო სისტემა სინდისის ათი პატიმარის საქმეს განიხილავდა.

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, „ჯებირების საქმეზე“ მსჯავრდებულები
გიორგი ოკრიბელაშვილი, ომარ ოკრიბელაშვილის მამა შვილის სასამართლო პროცესზე

„ჯებირების საქმის“, და არამხოლოდ, წინ წამოწევის შემდეგ, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, „პუბლიკისთვის“, როგორც ონლაინმედიისთვის, ფოტოგადაღების ნებართვის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

ფოტო-ვიდეოგადაღება მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მედიას ჰქონდა, მათ შორის კი ონლაინმედია ვერ ხვდებოდა, თუმცა „მოსამართლის კეთილი ნების“ საფუძველზე ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ამგვარი ლიცენზიის არმქონე მედიასაც გადაუღია პროცესები. მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც პროცესს არა ერთი, არამედ რამდენიმე მედიის წარმომადგენელიც იღებდა.

მახსოვს ლაზარე გრიგორიადისის ბოლო პროცესი, რომელსაც ათამდე ფოტორეპორტიორი იღებდა.

სექტემბერ-ოქტომბერში კი უკვე ვხედავდით, რომ „მოსამართლის ეს კეთილი ნება“ ნელ-ნელა ქრებოდა. „პუბლიკისთვის“ ცხადი იყო ისიც, რომ ჩვენთვის ნებართვის გაცემის საკითხი არა მოსამართლესთან, არამედ სასამართლოს პრესსამსახურთან წყდებოდა – ნაკარნახევი, თუმცა ფორმალურად მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე – განხილვის გარეშე უარი ეთქვათ ონლაინმედიისთვის, როგორც მაუწყებლობის ლიცენზიის არმქონე მედიისთვის. 

ამ მიდგომით, ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ სასამართლო სხდომების 99%-ის გადაღებას „პუბლიკა“ ვერ შეძლებდა. მოსამართლის ყურამდე საკითხის მისატანად კი სხდომის დაწყებისას ფეხზე ადგომა და ნებართვის თხოვნაღა რჩებოდა და ეს გზაც არ ჩანდა კეთილსაიმედო. მხოლოდ ერთი-ორი მოსამართლის გახსენება შეიძლება, ვისაც გადაღებაზე წინააღმდეგობა არ ჰქონია, დანარჩენები კი დიდი მონდომებით გადაულოცავდნენ ხოლმე საკითხს პრესსასამსახურის წარმომადგენლებს.

ამ ვითარებაში კი გამოსავალი იყო არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რომ ფორმალური მიზეზი გამოგვეცალა პრესსამსახურისთვის. აქ გაიხსნება ამბავი, თუ რატომ აცხადებდნენ ჩემს სახელთან ერთად tok.tv-ის და არა „პუბლიკას“. 

ჩვენი კოლეგის, ნათია კუპრაშვილის დახმარებით მივიღეთ ნებართვა და პროცესების გადაღება tok.tv-ის სახელით მოვითხოვეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მას ამისთვის მადლობას აქვე გადავუხდით.

ასე შევძელით „პუბლიკის“ რეპორტიორებმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობის გამო დაპატიმრებული ათი პირის სასამართლო პროცესის ფოტო-, ზოგ შემთხვევაში კი ვიდეოგადაღებაც.

ამის შემდეგ დაიწყო ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობის გამო დაპატიმრებული ადამიანების სასამართლო პროცესები. იმდენად ხშირი იყო და ყოველდღიური, თავიდან შეუძლებლად გვეჩვენებოდა ყველა პროცესის გადაღება, თუმცა ორგანიზებითა და სწორი ტაქტიკით ვახერხებდით პროცესებზე სიარულს.

ამ ხნის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ გადაღების უფლებას ვიღებდით, ყოველთვის იყო სასამართლოს მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენთვის გადაღების საშუალება კვლავ არ მოეცათ. ისევ იყო მცდელობა საკანონმდებლო ჩანაწერების საბაბად გამოყენების, ასევე, სასამართლოში მათ მიერვე დამკვიდრებული წესებით შეზღუდვის.

ბოლოს მივიდნენ იქამდეც, რომ რაკურსის კონტროლიც სცადეს – დარბაზის კართან მომლოდინე ოჯახის წევრების კადრების შესაზღუდად – „იქით ნუ იღებ; სხვისი ტელეფონით ნუ იღებ; კარისკენ ნუ ტრიალდები; არ გადაიღო, სანამ მოსამართლე არ შემოვა“. ჩემი ფოტოაპარატი არაერთ კადრს ინახავს, რომელზეც სასამართლოს პრესსამსახურის ან რომელიმე მანდატურის აფარებული ხელი ჩანს.

განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული ბრალდებულების სხდომათა დარბაზში შემოსვლისა და დამშვიდობების კადრების გადაღების ჩასაშლელად. რაც შეიძლება ნაკლები ემოციური კადრი – პრესსამსახურის დანიშნულებაც სწორედ ეს იყო. ისინი საათობით მიმდინარე პროცესებს სწორედ ამის გამო ესწრებოდნენ. 

ანტონ ჩეჩინის პროცესებს მისი ცოლი, მანჩო სამხარაძე ბოლო პროცესამდე ფანჯრიდან უყურებდა, რადგან ქმრის საქმეში მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო.

ამ ყოველდღიური წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლოდან გამოდიოდა სინდისის პატიმრების ფოტოები. საზოგადოება ამ ფოტოებს ყოველდღიურად დიდი ინტერესით ელოდა. გარდა პატიმრებისა, ვიღებდით მათი ოჯახის წევრების ფოტოებს. სასამართლოს შენობიდან გამოგვქონდა ემოციები. ფოტოებს აქვეყნებდნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიები.

„რეალობას ვერ გაექცევი“ – საბა ჯიქია სასამართლო პროცესზე მხარდამჭერს აჩვენებს წარწერას
მათე დევიძე – არჩევნების შემდეგ აქციებზე დაკავებული

თუმცა ფოტოებს ვერ ნახავდით და ახლაც ვერ ნახავთ პროპაგანდისტული მედიების, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებზე, სოციალურ ქსელებსა თუ ვებგვერდებზე. ამის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფს არაერთი პროცესი გადაუღია, თუმცა მათ ფოტოებს არხი მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში, წამყვანის საუბრის ფონზე იყენებდა.

ცალკე ამბები და კადრები გამოგვქონდა სასამართლოს დერეფნებიდან, სადაც სინდისის პატიმრების აღელვებულ ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს მანდატურები, ხშირ შემთხვევაში, აგრესიულად ატოვებინებდნენ შენობას. იყო ცემის შემთხვევებიც. იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული გადაღება დერეფნებში, მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის თაოსნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობდნენ, გადაეღოთ დერეფნებში არსებული ვითარება, ტელეფონებს და გადაღების სხვა საშუალებებს ართმევდნენ, უმტვრევდნენ ან უკვე გადაღებულ მასალას აშლევინებდნენ.

ივნისის დასაწყისში სასამართლოში მომუშავე ჟურნალისტებს პროპაგანდისტულ მედიებში გასული სიუჟეტების საფუძველზე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ სასამართლოში მუშაობა მალე ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე. 

სასამართლო მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ

სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, მათე დევიძის განაჩენის დღის (13 ივნისი, 2025) შემდეგ ჟურნალისტებთან კონტაქტი გაწყვიტეს სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა – ქეთი ბასილაშვილმა, მეგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და თამარ ხომერიკმა. ისინი არა თუ პროცესებზე ან დერეფანში უნახავს ვინმეს, ჟურნალისტების სატელეფონო ზარსაც აღარ პასუხობდნენ, და არც ახლა პასუხობენ.

ანატოლი გიგაური, დავით ხომერიკი, გიორგი მუმლაძე

ივლისიდან სასამართლოში ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერა აიკრძალა. ეს ერთგვარი დადასტურებაა იმისა, რომ მედიამ კარგად იმუშავა განვლილი პერიოდის განმავლობაში; საზოგადოებას აჩვენა რეჟიმის მიერ რადიკალებად შერაცხული სინდისის პატიმრების საქმეები, ისტორიები, მოუყვა ცრუ მოწმეებზე, აჩვენა მოსამართლეთა სახეები.

11-პირიანი პროცესის ფოტოები:

  • 20

  • 09

  • 04

  • 15

  • 19

  • 07

  • 08

  • 13

  • 12

  • 11

  • 10

  • 14

  • 02

  • 03

  • 17

  • 05

  • 06

  • 18

  • 16

  • 11111








  • 01
    /




8-პირიანი პროცესის ფოტოები:

  • ეს

  • 08

  • 10

  • 03

  • 02

  • 04

  • 11

  • 05

  • 06

  • 09

  • 12

  • 13

  • 14

  • 15

  • 17








  • 01
    /




მოსამართლეები ჩემს ობიექტივში:

  • მოსამართლე 16

  • მოსამართლე 08

  • მოსამართლე 21

  • მოსამართლე 05

  • მოსამართლე 03

  • მოსამართლე 01

  • მოსამართლე 11

  • მოსამართლე 02

  • მოსამართლე 04

  • მოსამართლე 06

  • მოსამართლე 07

  • მოსამართლე 09

  • მოსამართლე 10

  • მოსამართლე 12

  • მოსამართლე 13

  • მოსამართლე 14

  • მოსამართლე 15

  • მოსამართლე 17

  • მოსამართლე 18

  • მოსამართლე 20

  • მოსამართლე 19

  • მოსამართლე 22

  • მოსამართლე 23








  • 01
    /




დღეს ჩემი კოლეგები სასამართლოს ეზოს გარეთ დაბანაკებულები ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. „ნაცების დროს“ ტელეფონიც ვერ შემოჰქონდათ სასამართლოშიო – იხსენებენ ხოლმე სასამართლოს თანამშრომლები გულგრილად და ნიშნისმოგებით.

ივლისიდან მოყოლებული სასამართლოში ჟურნალისტად დავდიოდი. ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულთა საქმეების მერე სასამართლოში სინდისის სხვა პატიმართა პროცესები იმართება. კამერას გარეთ ვტოვებდი და სასამართლოდან კადრების გარეშე გამოვდიოდი, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის.

1 ოქტომბერს, როდესაც აქტივისტ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხასაიას მხარდამჭერებმა დარბაზი ხმაურით დატოვეს. ამას მანდატურებმა აგრესიით უპასუხეს და ძალის გამოყენებით მათი შენობიდან გაყვანა დაიწყეს. მე, როგორც დამსწრე, მითითებების შესაბამისად ვტოვებდი შენობას. სწორედ ამ მომენტში იხელთა დრო მანდატურების უფროსმა, დავით მატიაშვილმა და თვეების განმავლობაში ნაგროვები აგრესია ჩემ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით გამოხატა. 

იმ დღეს პროცესის დაწყებამდე ჩემ მიმართ გაჟღერებული მუქარის გათვალისწინებით, იყო საფრთხე, რომ თუ დროულად არ დავტოვებდი აგრესიული მანდატურების გარემოცვას, შესაძლოა, პროვოკაციის ან ძალადობის სამიზნე კვლავ გავმხდარიყავი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რედაქციასთან ერთად, რომ სასამართლოში დროებით აღარ შევიდე. რთული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღებაც, რადგან სისტემას სწორედ ასე უნდა, რომ ჩაახშოს თავისუფალი ხმა.